საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გიგი წერეთელმა მინისტრს გაზის ხარისხზე დაუსვა კითხვა. წერეთლის მტკიცებით, მოსახლეობაში არსებობს აზრი ბუნებრივ აირში მინარევების არსებობის შესახებ, რაც საბოლოოდ წნევის დავარდნას იწვევს.
მინისტრის თქმით, ასეთი აზრი დიდი ხანია არსებობს:
“მე წლებია ეს მესის, თუმცა, დარწმუნებული ვარ, ასე არ არის. აზერბაიჯანში, საიდანაც გაზი შემოდის, მილს გარკვეული დაზიანება აქვს. ვფიქრობთ, რომ ეს იწვევს წნევის დავარდნას. რა ხდება, ეს უნდა შეამოწმოს მარეგულირებელმა კომისიამ, თუმცა ასეთი კომისია არ არსებობს და რომელი კომისიაც არსებობს, იმის ხელმძღვანელს რესტორანში სმა და შუქის ჩაქრობა ჰყვარებია.”
ამ განცხადებას გია ბარამიძე გამოეხმაურა:
“ზოგიერთ მინისტრს საერთოდ მარტო ქეიფი ჰყვარებია.”
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკი) თავმჯდომარეს გურამ ჩალაგაშვილს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლით (სსკ 333-ე მუხლი) ბრალი აქვს წაყენებული. საქმე ეხება ქუთაისში, ერთ-ერთ რესტორანში მომხდარ ფაქტს, როდესაც ჩალაგაშვილის მითითებით ენერგო პრო ჯორჯიას წარმომადგენელმა შუქი გათიშა რესტორანსა და მიმდებარე ტერიტორიაზე.
აღნიშნულ საქმეზე პროკურატურამ ჩალაგაშვილისთვის 10 ათასლარიანი გირაო მოითხოვა აღკვეთის ღონისძიების სახით, ხოლო ადვოკატი ითხოვდა მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის არანაირი აღმკვეთი ღონისძიება არ გამოეყენებინათ. საბოლოოდ ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სემეკის თავმჯდომარეს 3 000- ლარიანი გირაო შეუფარდა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდომლობა ჩალაგაშვილისთვის სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერების თაობაზე.
