ახალი ამბები

კულტურის მინისტრი: მერაბიშვილს შეუძლია დაესწროს მრგვალ მაგიდას რაბათის რეკონსტრუქციაზე

4 აპრილი, 2013 • 1034
კულტურის მინისტრი: მერაბიშვილს შეუძლია დაესწროს მრგვალ მაგიდას რაბათის რეკონსტრუქციაზე

“ჩვენ ხვალ აუცილებლად გვექნება მრგვალი მაგიდა, მოვლენ სპეციალისტები, თვითონ რაბათის თანამშრომლები, იქნებიან სხვებიც – საზოგადოების წარმომადგენლები. მე რამდენადაც ვიცი, ფეისბუქით განაცხადა ბატონმა მერაბიშვილმა, რომ უნდა დასწრება. ყველას შეუძლია მოვიდეს, დაესწროს, იქნება არგუმენტები და კონტრარგუმენტები”, – განაცხადა დღეს, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ საქართველოს კულტურის მინისტრმა გურამ ოდიშარიამ.

 

2 აპრილს პრეზიდენტის პრესსპიკერმა კულტურისა და საგარეო საქმეთა სამინისტროებიდან მიწოდებული დოკუმენტი გაასაჯაროვა, რომელშიც ნათქვამია, რომ:

 

– უნდა მოხდეს მე-18 საუკუნეში აჰმედ ფაშას მიერ ახალციხეში აგებული აბანოს კომპლექსის რესტავრაცია;

 

– მე-18 საუკუნეში აჰმედ ფაშას მიერ ახალციხის ციხეში აგებულ მეჩეთსა და მედრესეზე 2012 წელს წარმოებული სარესტავრაციო სამუშაოებისას დაშვებული ხარვეზების გამოსწორება: გუმბათის ფერის შეცვლა (გუმბათის არსებული ოქროსფერი საფარის ტყვიისფერით ჩანაცვლება), პირვანდელი რკინის ცხაურების დაბრუნება, ნაგებობების გარშემო სადრენაჟო სისტემის შემოწმება და, საჭიროების შემთხვევაში,  მოსაპირკეთებელი მასალის გაუმჯობესება;

 

– ქართული მხარე ვალდებულებას იღებს გამოიტანოს მეჩეთის შიდა სივრციდან ჯვრის გამოსახულებიანი შუასაუკუნეების ქვის რელიეფები, რომლებიც ექვემდებარება ადგილმონაცვლეობას”.

 

პრეზიდენტის ადმინისტრაციში, როგორც პრესპიკერი ამბობს, არ მიაჩნიათ, რომ ეს იყოს თურქული მხარის მოთხოვნა ან განზრახვა:

 

“ლაპარაკია გაუგებრობაზე, რომელიც მოდის საქართველოს მთავრობის მხრიდან, რომელიც უახლოეს დღეებში, პრეზიდენტის თურქეთში ვიზიტისას გაირკვევა, სადაც დაგეგმილია პრეზიდენტის შეხვედრა როგორც თურქ კოლეგასთან, ისე თურქეთის პრემიერ- მინისტრთან”.

 

მანანა მანჯგალაძის განცხადებით, ისინი მომხრე არიან საქართველოს ტერიტორიაზე თურქული ძეგლების დაცვის, თუმცა ის შეთავაზება, რაც დღევანდელ მთავრობას გააჩნია, “სახიფათო და მიუღებელია ჩვენი ქვეყნისთვის, რასაც საქართველოს პრეზიდენტი არასოდეს არ დათანხმდება”.

 

საქართველოს მთავრობის მიერ რაბათის კომპლექსში ხელახალ სარეაბილიტაციო სამუშაოებს გამოეხმაურა გუშინ ყოფილი პრემიერი ვანო მერაბიშვილი, რომელიც კურირებდა წინა ხელისუფლების დროს რაბათში აღნიშნულ სამუშოებს:

 

“ხელისუფლება დაიწყო ბრძოლა ახალციხის რაბათის კომპლექსის წინააღმდეგ. მინდა ვთხოვო დღევანდელ ხელისუფლეას, შეწყვიტოს ბრძოლა რაბათის კომპლექსის წინააღმდეგ. ეს არის ახალციხის და მთლიანად სამცხის მომავალი განვითარების საფუძველი”, – განაცხადა მერაბიშვილმა.”  

 

“ბატონი პრეზიდენტის განცხადება, ისევე, როგორც ბატონი მერაბიშვილის განცხადება იყო ნაჩქარევი, ზედაპირული და ზედმეტად პოლიტიზებული… ჩვენი ჯგუფი ჩასულია რაბათში, გადაიღებენ ყველაფერს და უახლეს ინფორმაციას ხვალ მოგვაწოდებენ. მე თავად მხოლოდ ორი თვის წინ ვიყავი რაბათში”, – განაცხადა კულტურის მინისტრმა გურამ ოდიშარიამ..

 

ვანო მერაბიშვილი
ვანო მერაბიშვილი

ვანო მერაბიშვილმა გუშინ “ფეისბუქის” საშუალებით განაცხადა, რომ სურვილი აქვს დაესწროს მრგვალ მაგიდას, რომელიც „რაბათის“ რეკონსტრუქციის თემაზე 5 აპრილს გაიმართება კულტურის სამინისტროში:


“მინდა ვთხოვო ბატონ მინისტრს, მიმიწვიოს აღნიშნულ შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად, ვინაიდან მე პირადად აქტიურად ვიყავი ჩართული აღნიშნული ციხის რეაბილიტაციის პროცესში და სიამოვნებით გავუზიარებ მრგვალი მაგიდის მონაწილეებს ჩემს მოსაზრებებს და გამოცდილებას.”


საქართველოს ახალი ხელისუფლება აცხადებს, რომ ახმედის მეჩეთის რეაბილიტაციის დროს დაშვებული იქნა შეცდომები, რომლის გამოსწორებაც თურქული მხარის მოთხოვნით განხორციელდება. მთავრობის ცნობით, აღნიშნული სამუშაოების შესრულებისა და ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობაზე თურქულ მხარესთან შეთანხმება მიღწეულია, ხოლო თურქეთის ხელისუფლება განახორციელებს ქართული ძეგლების – იშხანისა და ოშკის რეაბილიტაციას.

მასალების გადაბეჭდვის წესი