ახალი ამბები

ჯეჯელავა: ყველა ნაბიჯს გადავდგამთ, რომ მიუღებელი არაფერი იყოს “მე და საზოგადოებაში”

11 ივლისი, 2017 • 2300
ჯეჯელავა: ყველა ნაბიჯს გადავდგამთ, რომ მიუღებელი არაფერი იყოს “მე და საზოგადოებაში”

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, ალექსანდრე ჯეჯელავას თქმით, “მე და საზოგადოების” სწავლება სახელმძღვანელეობის დამზადებისთანავე დაიწყება, თუმცა ჯერჯერობით ისევ უცნობია კონკრეტული დრო. მისი თქმით, განათლების სამინისტრო წინასწარ ყველა ნაბიჯს გადადგამს, რომ “არაფერი ისეთი არ იყოს ამ საგანში და სახელმძღვანელოებში, რაც მშობლებისთვის მიუღებელი იქნება.”

განათლების მინისტრი გამოეხმაურა ახალი საგნების მოწინააღმდეგეთა საპროტესტო აქციასაც.  ჯეჯელავას თქმით, მათ არასწორი ინფორმაცია აქვთ და მნიშვნელოვანია, კარგად გაეცნონ დოკუმენტაციებს.

“აბსოლუტურად ყველა დოკუმენტი, რომელიც არის შექმნილი სასწავლო გეგმაში, საგნის სტრუქტურა და გეგმა შეთანხმებულია პრაქტიკულად ყველა მხარესთან, მათ შორის, ამ პროცესში ჩართული იყვნენ სასულიერო პირები, საზოგადოებრივი ორგანიზაციები და ა.შ.

ის მასალები, რასაც აქციაზე ავრცელებდნენ, არის ჩვენთვის უცნობი წიგნიდან, რომელიც ნამდვილად მიუღებელია იმ ფორმით, რა ფორმითაც ვრცელდებოდა. შესაბამისად, ვამბობთ, რომ ჩვენი საზოგადოებისთვის რაც იქნება მიუღებელი, არაფერი უნდა მოხვდეს სასწავლო პროგრამაში. საგნის სწავლება დაიწყება, თუმცა წინასწარ ჩვენ ყველა ნაბიჯს გადავდგამთ, რომ არაფერი ისეთი არ იყოს ამ საგანში და სახელმძღვანელოებში, რაც იქნება მიუღებელი მოსწავლეების ოჯახებისთვის/მშობლებისთვის,” – განაცხადა ჯეჯელავამ.

განათლების მინისტრის თქმით, “მე და საზოგადოებას” მხოლოდ დაწყებითი კლასის მოსწავლეები ისწავლიან. რაც შეეხება ახალი საგნის მოწინააღმდეგეთა განცხადებებს, რომ სკოლებში “გენდერის” სწავლება იგეგმება, ალექსანდრე ჯეჯელავა უარყოფს: “შეცდომაში არიან შეყვანილი, რადგან ასეთი საგანი არ არსებობს.”

ბოლო ერთი კვირის მანძილზე მოქალაქეთა ჯგუფი აპროტესტებს ახალი საგნის, “მე და საზოგადოების” შემოღებას სკოლებში, მათი მოთხოვნაა – “არა გენდერს სკოლაში!”. ისინი ავრცელებენ გარკვეულ ციტატებს, რომლებიც მათი თქმით, არის სასკოლო სახელმძღვანელოდან ამონარიდები.

ახალი საგნის, “მე და საზოგადეობის” საჯარო სკოლებში სწავლების შესახებ ინფორმაცია განათლების სამინისტრომ 2015 წლის 17 აგვისტოს გაავრცელა. განცხადებაში წერია, რომ საზოგადოებრივი მეცნიერებების სწავლება 2016-2017 სასწავლო წლიდან გაძლიერდება და დაწყებით საფეხურზე (III და IV კლასებში) დაიწყება დამოუკიდებელი საგნის სწავლება სახელწოდებით „მე და საზოგადოება“. მოგვიანებით სამინისტრომ განმარტა, რომ საგნის სწავლების დაწყება 2017-18 სასწავლო წლიდან იგეგმებოდა.

სწორედ “მე და საზოგადოების” გამო უპირისპირდებოდა განათლების სამინისტროს ბიზნესმენი ლევან ვასაძე, ასევე, საზოგადოების გარკვეული ნაწილი სასულიერო პირების ჩათვლით. სკოლებში ახალი საგნების სწავლება 2017 წლის სექტემბრიდან უნდა დაწყებულიყო. საპატრიარქომ “მე და საზოგადოების” სტანდარტზე არაერთი განცხადება გაავრცელა და საზოგადოებას აცნობა, რომ ტექსტიდან მათთვის მიუღებელი ტერმინები ამოიღეს. რეალურად, პირვანდელმა ვერსიამ მართლაც განიცადა მნიშვნელოვანი ცვლილებები, მაგალითად, ამოიღეს  სიტყვები უმცირესობა, გენდერი, ასევე, თავი – რისი მწამს და რისი მჯერა. საგანი “მე და საზოგადოება”  გათვლილია მე-3 და მე-4 კლასების მოსწავლეებისთვის.

მასალების გადაბეჭდვის წესი