“საქართველოს პარლამენტის აპარატმა რუსთაველის გამზირზე არსებულ პარლამენტის ყოფილ შენობაში სარემონტო სამუშაოების შესრულებაზე ტენდერი იანვარში გამოაცხადა.ჩვენ მაშინ ტენდერი უჩვეულო ფორმით გამოვაცხადეთ, ბრიფინგითაც გამოვაცხადეთ, რომ ის მახინჯი ტრადიცია დაგვენგრია, რომლის დროსაც ტენდერში 2 ან 3 კომპანია მონაწილეობდა. მაშინ ტენდერში მონაწილეობა 21-მა ორგანიზაციამ მიიღო. აქედან სატენდერო კომისიამ 2 დღის წინ გამოავლინა გამრჯვებული შპს “ორნამენტი,” რომელმაც პარლამენტის შენობაში სარემონტო სამუშოები რამდენიმე დღეში უნდა დაიწყოს. ასევე, სატენდერო პირობები უკვე არის შედგენილი დარბაზების რეკონსტრუქციაზე. მინდა ყველა კომპეტენტურ და კვალიფიციურ სამშენებლო ორგანიზაციებს მოვუწოდო, რომლებსაც აქვთ გამოცდილება მსგავსი დაპროექტებისა, ისევ მიიღონ მონაწილეობა ტენდერში,”- განაცხადა ძიძიგურმა.
ძიძიგურის თქმით, აღნიშნული ტენდერის ღირებულება საკმაოდ სოლიდურია და 5 მილიონ ლარს შეადგენს.
თბილისში, რუსთაველის #8–ში მდებარე საქართველოს პარლამენტის სასახლის შენობა 2012 წლის ნოემბრამდე სს “საპარტნიორო ფონდის” ბალანსზე იყო, ხოლო ნოემბრის თვიდან საკანონმდებლო ორგანოს ბალანსზე გადავიდა. შენობის მოწყობაზე ტენდერი საქართველოს პარლამენტის აპარატმა 2013 წლის 28 იანვარს გამოაცხადა.
როგორც სატენდერო დოკუმენტაციიდან ირკვევა, დაგეგმილია შენობაში შიდა სამუშაოების ჩატარება და “პრეტენდენტს არ აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული წინადადება.”
პარლამენტის შენობა სამი კორპუსისგან შედგება. ტენდერის პირობების თანახმად, ჩასატარებელი სამშენებლო–სარემონტო სამუშაოები ითვალისწინებს: სამივე შენობაში კედლებისა და ჭერის სამღებრო სამუშაოებს, დაზიანებული პარკეტის იატაკის დემონტაჟს, არსებული პარკეტის იატაკის მოხვეწა-ლაკის წასმას, დაზიანებული კარის დემონტაჟსა და წაბლის მასალისაგან ახლის მოწყობას, მინის კარის და ნიშების მწყობრში მოყვანის სამუშაოებს.
აღნიშნული სამუშაოების შესასრულებლად საჭირო თანხის რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 1 500 000 ლარს, ეს თანხა კი ბიუჯეტიდან გამოიყოფა.
