ახალი ამბები

NGO-ები: უარი ჩაბუქისთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უპრინციპო და დაუსაბუთებელია

10 ივლისი, 2017 • 2071
NGO-ები: უარი ჩაბუქისთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უპრინციპო და დაუსაბუთებელია

არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ მუსტაფა ემრე ჩაბუქისთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს უარი დაუსაბუთებელი, თვითნებური და თურქეთის არადემოკრატიული რეჟიმის მიმართ ხელისუფლების პოლიტიკური ლოიალობის უპრინციპო გამოხატულებაა.

არასამთავრობოებს მიაჩნიათ, რომ გადაწყვეტილება არ არის გამყარებული ინდივიდუალური საქმის სათანადო შემოწმების შედეგებით, ობიექტური მტკიცებულებებითა და თურქეთში არსებული უფლებრივი და პოლიტიკური კონტექსტის შეფასებით. ასევე არ არის მითითებული და გაბათილებული საერთაშორისო ორგანიზაციების უკიდურესად კრიტიკული ანგარიშები თურქეთში არსებულ მძიმე უფლებრივ და პოლიტიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებით.

ხელისმომწერი ორგანიზაციები ყურადღებას ამახვილებენ, რომ სამინისტროს გადაწყვეტილებაში გამოყენებული არგუმენტი ემყარება სადავო მტკიცებას, რომ ფეთულაჰჰ გიულენის ორგანიზაცია თურქეთში ტერორისტულ ორგანიზაციადაა მიჩნეული და ამ ორგანიზაციის წევრების ქმედებების მიმართ სახელმწიფოს მიერ სისხლის სამართლებრივი დევნა ლეგიტიმურია.

“სამინისტრო სრულად უგულებელყოფს ფეთულაჰჰ გიულენის მოძრაობასთან დაკავშირებული პირების სისხლის სამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის ფუნდამენტური უფლებების მასობრივი და ბლანკეტური დარღვევის შესახებ საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებებს, რომელიც აღნიშნულ პროცესს კანონიერ ბუნებას არსებითად უცვლის და პოლიტიკურ შინაარსს სძენს”, – წერია განცხადებაში.

არასამთავრობოები აღნიშნავენ, რომ თურქეთში მიმდინარეობს დაკავებულების მასობრივი წამება, რაც არაერთმა საერთაშორისო ორგანიზაციამ დაგმო. განცხადებაში ვკითხულობთ, რომ იმის მიუხედავად, ჩაბუქისთვის წარდგენილი ბრალდება სრულად საქართველოს  ტერიტორიაზე ჩადენილ სავარაუდო დანაშაულს შეეხება, რაც საქმეს საქართველოს  იურისდიქციაში აქცევს და სახელმწიფოს მის გადაცემაზე უარის თქმის სამართლებრივ საფუძველს ანიჭებს,  სამინისტრო წარდგენილი ბრალდების დასაბუთებულობაზე არც კი მსჯელობს.

სამინისტროს გადაწყვეტილებაში მითითებული ინფორმაცია, თითქოს საქართველომ მუსტაფა ჩაბუქის საქმეზე მიიღო დიპლომატიური გარანტიები მისი უფლებების დაცვის შესახებ, აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ საქართველოს ხელისუფლება მომავალში გეგმავს თურქეთში მის ექსტრადიციას, რაც ადამიანის ფუნდამენტური უფლებების უკიდურესი დარღვევა და სრული უგულებელყოფა იქნება, აცხადებენ ორგანიზაციები.

ორგანიზაციები მოუწოდებენ:

[checklist]

  • საერთო სასამართლოებს, სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების შემდეგ საქმე ადამიანის უფლებების სტანდარტების ჯეროვანი გამოყენებითა და დაცვით განიხილონ და ეფექტურად უზრუნველყონ აღმასრულებელი ხელისუფლების საქმიანობის შემოწმებისა და კონტროლის კონსტიტუციური ფუნქციის შესრულება.
  • მოვუწოდებთ საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და მთავრობას, არ დაუშვას მუსტაფა ჩაბუქის ექსტრადიცია თურქეთში, რადგან ეს გადაწყვეტილება არსებითად დაარღვევს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს და რადიკალურად დააყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ  ქვეყანაში დემოკრატიის ხარისხს;
  • მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, გაიაზროს მუსტაფა ჩაბუქის საქმის პოლიტიკური და სოციალური კონტექსტები და საქმეზე ეფექტიანი საპარლამენტო კონტროლი უზრუნველყოს.

[/checklist]

ხელმომწერი ორგანიზაციები:

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)

საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველო (TI)

მედიის განვითარების ფონდი (MDF)

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)

ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)

გაეროს ასოციაცია საქართველოში

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)


7 ივლისს საქართველოს დევნილთა სამინისტრომ თურქეთის მოქალაქე მუსტაფა ემრე ჩაბუქს უარი უთხრა დევნილის სტატუსის მინიჭებაზე. ჩაბუქის ადვოკატები აცხადებენ, რომ თურქეთში მისი ექსტრადირების შემთხვევაში დაირღვევა მისი უფლებები და შესაძლოა ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს საფრთხე დაემუქროს. ადვოკატის თქმით, ლტოლვილის სტატუსის მინიჭება შეაჩერებს ექსტრადირების პროცესს.

მუსტაფა ჩაბუქს თბილისის საქალაქო სასამართლომ წინასაექსტრადიციო პატიმრობა შეუფარდა. თურქეთის ხელისუფლება ჩაბუქს ედავება იმაში, რომ იგი ტერორისტულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობდა და საქართველოს ტერიტორიაზე ერთერთ კომპანიას ეხმარებოდა დემირელის კოლეჯის წილების გადაფორმებაში. ადვოკატი კი აცხადებს, რომ ეს კომპანია ამერიკული კომპანიაა და მას საერთ არ აქვს ტერორისტებთან და იმ შემთხვევაშიც, რომ ჩაბუქს დანაშაული ჩაედინა, ეს სავარაუდო დანაშაულიც საქართველოს ტერიტორიაზე მოხდა და მისი ექსტრადირება დაუსაბუთებელია.

მასალების გადაბეჭდვის წესი