მისი თქმით, ამ მოთხოვნის დაყენება პროცესის დასრულების შემდეგ გაცილებით ლოგიკური იქნებოდა.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თინა ხიდაშელი მოთხოვნების დაყენებისთვის აუცილებელ პირობად საგამოძიებო პროცესის დასრულებას მიიჩნევს:
“მე ვფიქრობ, რომ აუცილებელია დასრულდეს პროცესი და მოთხოვნები იმის შემდეგ უნდა დადგეს ხოლმე. ამიტომ გაცილებით უფრო სწორი და ლოგიკური იქნება, რომ ეს მოთხოვნები გაჩნდეს იმ ფონზე, როდესაც დამთავრდება პროცესი. ასევე მაშინ, თუ ისევ დარჩება უკმაყოფილების განცდა. მე ვფიქრობ, დღეს ეს ცოტა ნაადრევია.”
რაც შეეხება საია-ს გამგეობის წევრობას, ხიდაშელი აცხადებს, რომ სახეზეა მკვეთრად გამოხატული ინტერესთა კონფლიქტი :
“საიას გამგეობის წევრი ვარ, მაგრამ უფლებამოსილება ამწუთას შეჩერებული მაქვს. ამიტომ საკითხის განხილვაში არ მიმიღია, ბუნებრივია, მონაწილეობა. მით უმეტეს, რომ ძალიან მკვეთრად გამოხატული ინტერესთა კონფლიქტი მაქვს და ამიტომ ასეთ დროს მე ვინარჩუნებ ყოველთვის იმ ეთიკის სტანდარტს, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანია.”
ხიდაშელს იმედი აქვს, რომ დარჩენილ კითხვებს ამომწურავ პასუხებს პროკურატურა გასცემს:
“კითხვები დარჩენილია და ამ კითხვებს სჭირდება პასუხები. ამ პასუხებს იმედი მაქვს, რომ პროკურატურა, როგორც დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი მხარე, ამომწურავად უპასუხებს”.
საპარლამენტო უმრავლესობის კიდევ ერთი წევრი და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი მიიჩნევს, რომ გადაცდომას ორივე მხრიდან ჰქონდა ადგილი:
“მე ვფიქრობ, რომ გადაცდომა იყო ორივე მხრიდან. ფაქტია, რომ ინციდენტი იყო არასასურველი და მისი ფორმა მიუღებელი იყო საზოგადოებისთვის, სოციალურ ქსელებში ამაზე ბევრი იყო საუბარი, ამიტომ ეს ინციდენტი მივიღოთ, როგორც მწარე გაკვეთილი – როგორც ხელისუფლების წარმომადგენლებმა, პოლიციელებმა, ასევე მოქალაქეებმა, რომ ნებისმიერი ასეთი ინციდენტის შემთხვევაში მაქსიმალურად დავიცვათ კანონი და შევეცადოთ, რომ ნებისმიერი კონფლიქტი თავიდან ავიცილოთ.”
სესიაშვილის თქმით, ერთი ან ორი თვის შემდეგ იქნება საშუალება, რომ ირაკლი ღარიბაშვილი პარლამეტში მივიდეს.
საპარლამენტო უმრავლესობის კიდევ ერთი წევრი ლევან ბერძენიშვილი მიიჩნევს, რომ ამ ინციდენტის ზედმეტად დრამატიზება არ ღირს:
“გაურკვევლობა და ღია კითხვები დარჩა და საია არ არის კმაყოფილი. მხოლოდ ერთი მხარე აცხადებს, რომ ინციდენტი ამოწურულია, ეს ფაქტია. მაგრამ მე არა მგონია, რომ რაიმე სერიოზული ცვლილებები მოჰყვება ამ საქმის გაგრძელებას და ჩვენს ადგილს არ ვხედავ ამ საქმეში. მართალი გითხრათ, მე ვერ წარმომიდგენია, რომ ვინმე ამ მონაწილეებზე უკეთესად გაერკვეს არსებულ კონფლიქტურ სიტუაციაში.”
რაც შეეხება ვალერი თელიას თანამდებობიდან გადაყენებას, ბერძენიშვილის თქმით, კონკრეტული პირების გათავისუფლებით ვერაფერი შეიცვლება და გამოსავალი პოლიციის დეპოლიტიზებაშია:
“პრობლემა არის ის, რომ ქვეყანაში ცოტაა კარგი პოლიციელი. იმიტომაა, რომ ასეთ ხალხს აწინაურებენ. პრობლემა არის პროფესიული. ვერ იქნებოდა ვერავინ პოლიციაში, ვინც არ მოემსახურებოდა “ნაციონალურ მოძრაობას”. ამიტომ უნდა იცოდეთ, რომ თელია კი არა მთელი პოლიციური შემადგენლობა არის კითხვის ნიშნის ქვეშ. პრობლემა არის ყველა პოლიციელში”.
შეგახსენებთ, რომ 28 მარტს ინციდენტის მოხდა საიას აჭარის ოფისის თანამშრომლებსა და აჭარის პოლიციის უფროსს შორის. საიას წარმომადგებლები აცხადებენ, რომ ვალერი თელიამ მათ თანამშრომელს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, თუმცა გენინსპექციის დასკვნით, პოლიციის უფროსის მხრიდან ფიზიკურ შეუარცხყოფას ადგილი არ ჰქონია. შს მინისტრის განცხადებით, ვალერი თელია ვალდებული იყო პოლიციელის მუნდირი დაეცვა, რადგანაც შსს-ს ცნობით, საიას თანამშრომელმა, რომელიც ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იყო, თელიას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა
