ახალი ამბები

იან კელი ჩაბუქის საქმეზე: ნებისმიერი ექსტრადაცია უტყუარ მტკიცებულებებს უნდა ემყარებოდეს

7 ივლისი, 2017 • 1868
იან კელი ჩაბუქის საქმეზე: ნებისმიერი ექსტრადაცია უტყუარ მტკიცებულებებს უნდა ემყარებოდეს

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, იან კელის განცხადებით, დემირელის კერძო კოლეჯის მენეჯერის, მუსტაფა ემრე ჩაბუქის ექსტრადირების გადაწყვეტილება უტყუარ მტკიცებულებებს უნდა ეფუძნებოდეს:

“ჩვენ გამოვხატავთ შეშფოთებას ამ საქმესთან დაკავშირებით, ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც დაკავშირებულია ექსტრადაციასთან, უნდა იყოს დამყარებული ძალიან მყარი ბრალეულობის მტკიცებულებებზე. ჩვენ ამ საკითხზე რეგულარულად ვეკონტაქტებით მთავრობას, იუსტიციის სამინისტროს. ჩვენც გვაქვს ექსტრადიციის საქმეები და გვჯერა, რომ ჩვენი როლი ჩვენი გამოცდილებისა და სტანდარტების გაზიარებაა, რაც ჩვენი რწმენით ძალიან ძალიან მაღალი უნდა იყოს”,- განაცხადა იან კელიმ ჟურნალისტებთან საუბრისას.

დემირელის კერძო კოლეჯის მენეჯერს, მუსტაფა ემრე ჩაბუქსა და მის ოჯახს საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე დღეს, 7 ივლისს უარი უთხრა. ეს ნიშნავს, რომ ჩაბუქის თურქეთში ექსტრადიციის საკითხი არ შეჩერდა.

დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის მენეჯერი, თურქეთის მოქალაქე მუსტაფა ემრე ჩაბუქი 24 მაისს დააკავეს. როგორც მისმა ადვოკატმა სოსო ბარათაშვილმა ნეტგაზეთს განუცხადა, მიზეზი თურქეთის მხარის მოთხოვნაა, რომელიც ამტკიცებს, რომ ჩაბუქი “ტერორისტულ ორგანიზაცია” FETO-ს საქმიანობას უწყობდა ხელს. ამ ფაქტს ერთი დღით წინ უსწრებდა თურქეთის მთავრობის ვიზიტი საქართველოში, რომელზეც ოფიციალური ინფორმაციით, ეკონომიკური და კულტურის საკითხები იქნა განხილული.

თურქეთში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების საქართველოზე შესაძლო გავლენაზე ნეტგაზეთის სტატია წაიკითხეთ აქ. ფეტულა გიულენისა და ერდოღანის დაპირისპირების შესახებ – აქ.

მასალების გადაბეჭდვის წესი