მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, კანონპროექტს 3 აპრილს მეორედ მოსასმენად პლენარულ სხდომაზე გაიტანენ.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელის ვახტანგ ხმალაძის თქმით, საპარლამენტო უმრავლესობამ უმცირესობასთან პოზიციების შეთანხმება ვერ შეძლო:
“შეთანხმების მიღწევა ვერც მთავრობას, პარლამენტსა და უზენაეს სასამართლოს შორის მოხერხდა. უმცირესობა სასამართლოსთან მიღწეული შეთანხმების გაუქმებასაც ცდილობდა.”
მისივე მტკიცებით, მხარეებს შორის აზრთა სხვადასხვაობას პარლამენტის მიერ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში 6 წევრის არჩევის წესი იწვევს:
„საბჭოს ექვსივე წევრი ორი მესამედის უმრავლესობით აირჩევა. მაგრამ თუ ეს ვერ მოხერხდა, ადგილები ვაკანტური დარჩება და კანდიდატების ხელახალი წარდგენა–არჩევა ორი თვის შემდეგ გაიმართება. საბჭოს არც ერთ წევრს არ უწყდება უფლებამოსილება კანონის ამოქმედებისთანავე. კანონის ამოქმედებიდან ერთი თვის შემდეგ პარლამენტმა და მოსამართლეთა კონფერენციამ წევრები ახალი წესის შესაბამისად უნდა აირჩიონ. თუ მოსამრთლედ კონფერენცია საბჭოს ძველ წევრებს აირჩევს, საბჭოში ისინიც მოხვდებიან. ყველა კანდიდატი, რომელსაც კენჭი ეყრება, არაპოლიტიკური ორგანიზაციების მიერ უნდა იყოს წარმოდგენილი.“
