“განახლდა მსჯელობა რეგიონული და უცირესობების ენების შესახებ ევროპული ქარტიის თაობაზე, რაც ჩვენი აზრით მიუღებელია, რადგან იგი სეპარატისტული მოძრაობის გაძლიერებას გამოიწვევს და ქვეყნისათვის ახალი, უმძიმესი პრობლემების შექმნას. ვიდრე ჩვენთან ეროვნულ უმცირესობებში სახელმწიფო ცოდნის საკითხი არ მოგვარდება და ვიდრე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა არ აღდგება, პარლამენტის მიერ ამ თემის რატიფიცირება დაუშვებელია”– პატრიარქის აღნიშნული განცხადება დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა გაახმოვანა.
ილია მეორე ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საკითხების გამო ჰელსინკში დღეს გაემგზავრა. დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა განცხადება ჟურნალისტებს აეროპორტში გააცნო.
შეგახსენებთ, რომ ახალქალაქის საკრებულო პარლამენტისგან რეგიონალური და უმცირესობათა ენების შესახებ ევროპის ქარტიის რატიფიცირებას მოითხოვს, რის შემდეგაც პარლამენტი გადაწყვეტს, თუ რომელ ენას მიენიჭება საქართველოში რეგიონალურის სტატუსი.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით “რუსთავი2″–ის ეთერით განმარტება გააკეთა რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა. მისი თქმით, 1999 წლიდან საქართველომ აიღო ვალდებულება, რათა განახორციელოს რატიფიკაცია ევროპის ქარტიისა რეგიონალურ და უმცირესობის ენების შესახებ. მისივე თქმით, საქართველოს ასევე ვალდებულება აქვს აღებული მაჰმადიანი მესხების საქართველოში დაბრუნებასთან დაკავშირებით.
“ადრე თუ გვიან საქართველოს აუცილებლად მოუწევს ამ ქარტიასთან მიერთება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ ვერ მივიღებთ ვერანაირ ევროპულ ინტეგრაციას, რაზეც ასე ხშირად ლაპარაკობს ბატონი სააკაშვილი და მეტსაც გეტყვით, ევროკავშირთან ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმას ვერ მოეწერება ხელი, ვიდრე ჩვენ არ მივუერთდებით ამ ქარტიას. ასე რომ, ეს არის რთული და საზოგადოების განსახილველი საკითხი, ეს არის სახელმწიფო და პარლამენტის საკითხი, რადგან რატიფიკაცია პარლამენტს ეხება და როცა ვსაუბრობთ ევროკავშირთან და ევროპულ ინსტიტუტებთან დაახლოვებაზე, საჭიროა ვილაპარაკოთ იმ სირთულეებზე, რის გამოც ჩვენ დღემდე გვიჭირს რაღაც ნაბიჯების გადადგმა,” – განაცხადა ზაქარეიშვილმა.
რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ასევე განმარტა, რომ დოკუმენტი საკმაოდ მოქნილია და იძლევა საშუალებას, სახელმწიფომ თავად მიიღოს გადაწყვეტილება მთელ ტერიტორიაზე ან ტერიტორიის ნაწილზე ამა თუ იმ ენას მიანიჭოს ქარტიაში ჩამოთვლილი სხვადასხვა სტატუსიდან რომელიმე:
“სახელმწიფოზეა დამოკიდებული ყველაფერი. რატიფიკაცია ევალება მხოლოდ და მხოლოდ პარლამენტს. შესაძლოა პარლამენტმა შექმნას რაიმე კომისია, რომელშიც შევლენ საზოგადოების წარმომადგენლებიც, უნდა აიწონოს ყველა რისკები, საფრთხეები და, შესაბამისად, უნდა მოხდეს ამ ჩარჩო -კონვენციის მიღება, რატიფიცირება, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ წინ ვერ წავალთ”, – განაცხადა ზაქარეიშვილმა.
