ახალი ამბები

მინისტერიალი „ტრაპიზონის დეკლარაციის“ ფარგლებში

28 მარტი, 2013 • 1982
მინისტერიალი „ტრაპიზონის დეკლარაციის“ ფარგლებში

„ტრაპიზონის დეკლარაციის” შესაბამისად, რომელიც 2012 წლის 8 ივნისს გაფორმდა, ბათუმში დღეს გამართული სამმხრივი შეხვედრის ფარგლებში, ხელი მოეწერა საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივ კომუნიკეს და დამტკიცდა დარგობრივი თანამშრომლობის სამოქმედო გეგმა 2013-2015 წლებისათვის.

 

აღნიშნული გეგმა შემუშავდა სამი ქვეყნის უწყებების საერთო ძალისხმევით და ითვალისწინებს ერთობლივი პროექტებისა და კონკრეტული ინიციატივების განხორციელებას სხვადასხვა მიმართულებით. სამოქმედო გეგმა მოიცავს ისეთ სფეროებს, როგორიც არის: ეკონომიკა, ენერგეტიკა, გარემოს დაცვა, კულტურა, განათლება და სპორტი.  

 

„ეს ხელშეკრულება ახალ იმპულსს შესძენს სამ ქვეყანაში არსებულ ურთიერთობებს,“ – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ.  

 

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის, ელმარ მამედიაროვი განცხადებით, „ტრაპიზონის დეკლარაცია“ შვიდი მუხლისა და 14 პუნქტისგან შედგება:

 

„ეს შეთანხმება და ნაყოფიერი მუშაობა იქნება მაგალითი მშვიდობისა და მეგობრული ურთიერთობის ჩვენს ქვეყნებს შორის, ასევე, კარგი გზავნილი ჩვენს რეგიონში  მეოთხე მეზობლისთვის, რომ გახდეს ამ კლუბის წევრი და ერთად მოგვარდეს კონფლიქტური  და პოლიტიკური საკითხები“.   

 

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის აჰმეთ დავითოღლუს განცხადებით, აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში განიხილება პოლიტიკური თემები, მათ შორის, სირიის საკითხი, ავღანეთიდან ჯარების გამოყვანის თემა და სხვა მნიშვნელოვანი ეკონომიკური საკითხები. 

 

შეხვედრაზე შეკითხვა დაისვა მაჰმადიანი მესხების საქართველოში ჩამოსახლებისა და ბათუმში მეჩეთის მშენებლობაზეც. 

 

მაია ფანჯიკიძის განცხადებით, მაჰმადიანი მესხების ჩამოსახლება არის ევროკავშირთან თანამშრომლობის ფარგლებში აღებული ვალდებულება და „ამ ვალდებულებას საქართველოს ხელისუფლება შეასრულებს“.   

 

„სამინისტროში უკვე ხუთი ათასი განცხადებაა შემოსული, აქედან 900 განცხადება განხილულია, ეს არის ხანგრძლივი პროცესი, რასაც სჭირდება საკანონმდებლო ცვლილებებიც, რადგან არ არის მარტივი საკითხი და სერიოზული მომზადება სჭირდება“,   – განაცხადა მაია ფანჯიკიძემ. 

 

ოფიციალურ შეხვედრაზე მედიის მხრიდან კითხვა დაისვა ბათუმში მეჩეთის მშენებლობასთან და თურქეთში არსებული დიასპორების ქონებასთან დაკავშირებით, აპირებს თუ არა თურქეთის ხელისუფლება საქართველოს ქონების რესტიტუციას, როგორც  ეს მოხდა საბერძნეთისა და სომხეთის ქონებასთან დაკავშირებით. აჰმეთ დავითოღლუმ განაცხადა, რომ თურქეთში ქართული თემი არ არის ოფიციალურად რეგისტრირებული და თუ მოგვარდება რეგისტრირება, ეს საკითხიც განიხილება.  

 

„მეჩეთის საკითხზე ჩვენ შევხვდით საქართველოს პატრიარქს და არის საუბარი, რომ მოხდება მეჩეთის მშენებლობა. ჩვენ კი გვაქვს ვალდებულება აღვადგინოთ ქართული კულტურის ძეგლები, რადგან ეს არის საერთო კულტურული მემკვიდრეობა“, – განაცხადა დავითოღლუმ. 

 

აჰმედ დავითოღლუს განცხადებით, მეჩეთის მშენებლობა აჭარაში მცხოვრები მუსლიმების საჭიროებაა და თურქული მხარეს სურვილი აქვს წვლილი შეიტანოს ამ საკითხში:

 

„ამ საკითხზე ჩვენ შევხვდით საქართველოს პატრიარქს და საქართველოს პრემიერ- მინისტრმაც განაცხადა, რომ ის გაიღებდა შესაწირს ამ მშენებლობისთვის. თურქეთში ასი ათასამდე მუსლიმი ქართველი ცხოვრობს, იქ არ ცხოვრობენ ქრისტიანები. თუკი იქნებიან, ჩვენ მივიღებდით მონაწილეობას ეკლესიის მშენებლობაში, რადგან რელიგიურ გრძნობებს ჩვენ პატივს ვცემთ“.  

 

აჰმედ დავითოღლუ ამბობს, რომ აღდგენილი კულტურული ძეგლები ქვეყნებს შორის მეგობრული ურთიერთობის  სიმბოლო იქნება. 

მასალების გადაბეჭდვის წესი