ახალი ამბები

მუსტაფა ემრე ჩაბუქის ოჯახი მუქარის გამო დაცვის დანიშვნას ითხოვს

3 ივლისი, 2017 • 3145
მუსტაფა ემრე ჩაბუქის ოჯახი მუქარის გამო დაცვის დანიშვნას ითხოვს

დღეს, 3 ივლისს, მუსტაფა ემრე ჩაბუქის ადვოკატმა სოსო ბარათაშვილმა დევნილთა და განსახლების სამინისტროს მუსტაფა ემრე ჩაბუქისთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებული დამატებითი დოკუმენტები მიაწოდა. ოჯახი ასევე ითხოვს დაცვის დანიშვნას.

სოსო ბარათაშვილმა სამინისტროში წარადგინა 260-გვერდიანი დოკუმენტები. როგორც ადვოკატი ამბობს,  აღნიშნული დოკუმენტების საფუძველზე მუსტაფა ემრე ჩაბუქმა უნდა მიიღოს დევნილის სტატუსი.

გირჩევთ: თურქეთის მიერ ტერორიზმში ბრალდებული მასწავლებელი საქართველოში – ჩაბუქის ისტორია

ბარათაშვილის თქმით, წარდგენილი დოკუმენტები მოიცავს საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების მოთხოვნებს, რომ მუსტაფა ემრე ჩაბუქს ლტოლვილის სტატუსი მიენიჭოს. ამ განცხადებებს შორისაა “საერთაშორისო ამნისტიის” ევროპისა და ცენტრალური აზიის დირექტორის წერილი. ასევე, გაეროს საქართველოს წარმომადგენლის რეკომენდაცია, სახალხო დამცველის საჯარო განცხადებები, არასამთავრობო ორგანიზაციების სამართლებრივი შეფასებები, ვენეციის კომისიის შეფასება 314-ე მუხლთან დაკავშირებით, რომელიც წარდგენილი აქვს მუსტაფა ემრე ჩაბუქს და მიჩნეულია, რომ ეს მუხლი მასობრივადაა გამოყენებული ადამიანების დევნისთვის თურქეთში.

სოსო ბარათაშვილის თქმით, დოკუმენტებს თან ახლავს “საერთაშორისო ამნისტიის” 2017 წლის ანგარიში, სადაც აღწერილია, როგორ მიმდინარეობს ადამიანების წამება თურქეთის ციხეებში იმათ მიმართ, ვისაც ფეთულა გიულენის ორგანიზაციასთან თანამშომლობა ედებათ ბრალად.

გირჩევთ: რა შანსი აქვს მუსტაფა ემრე ჩაბუქს, რომ თურქეთში ექსტრადიციას გადაურჩეს 

ადვოკატის თქმით, ასევე, წარდგენილია მტკიცებულება, რომ თურქულ მედიაში მიმდინარეობს კამპანია მუსტაფა ემრე ჩაბუქის მიმართ.

,,პირდაპირ უწოდებენ მოღალატეს მუსტაფა ემრე ჩაბუქს და მის მეუღლეს, ასევე წერენ, რომ სტატიები, რაც მის შესახებ იწერება, საქართველოს მედიაში არის შკვეთილი”, – ამბობს სოსო ბარათაშვილი.

ადვოკატი სოსო ბარათაშვილი დევნილთა სამინისტროში

ადვოკატი სოსო ბარათაშვილი დევნილთა სამინისტროში

ლტოლვილთა სამინისტროს თავშესაფრის საკითხთა სამმართველოს უფროსმა. ირაკლი ლომიძემ განაცხადა, რომ  7 ივლისს უნდა მიიღონ გადაწყვეტილება, მისცემენ თუ არა ლტოლვილის სტატუსს მუსტაფა ემრე ჩაბუქს, თუმცა მანამდე ვერ იტყვის, თუ როგორ გადაწყვეტილებას მიიღებს სამინისტრო.

ლომიძე ამბობს, რომ  ბარათაშვილის მიერ წარდგენილი დოკუმენტების ნაწილი უკვე შესწავლილი აქვთ და მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა ამ საკითხზე.

ლომიძის თქმით, კვლევის საგანია, შეაფასონ წარმოდგენილი დოკუმენტაცია და შემდეგ დაადგენენ, თუ რამდენად შეუწყობს ხელს აღნიშნული ინფორმაცია მუსტაფა ჩაბუქისთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭებას.

ლომიძე ამბობს, რომ ხვალ დაკითხავენ მუსტაფა ემრე ჩაბუქის მეუღლეს, თუბა ჩაბუქს. მისი განმარტებით, კანონის მიხედვით უნდა დაკითხონ დაკავებული და მისი ოჯახის ყველა სრულწლოვანი წევრი.
ლომიძის თქმით, გარდა  დაცვის მხარის მიერ მოწოდებული ინფორმაციისა, სამინისტრომ თავადაც მოიკვლია კონკრეტული საკითხები.

თუბა ჩაბუქი ამბობს, რომ სამინისტროს წარმომადგენელს ხვალ, 11 საათზე,  შეხვდება და გამოკითხვაზე ისაუბრებს იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ უნდა მიიღოს ლტოლვილის სტატუსი მუსტაფა ემრე ჩაბუქმა.

თუბა ბაჩაბუქი ასევე ითხოვს, რომ დაუნიშნონ დაცვა, რადგან  სოციალურ ქსელში, თურქეთის მოქალაქეების სახელით შექმილი ანგარიშებიდან მუქარებს იღებს.

ბარათაშვილი ამბობს, რომ სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურსა და პროკურატურას დღეს მიმართავს, რომ ჩაბუქის ოჯახს დაცვა დაუნიშნონ. ადვოკატის თქმით, თუ მუსტაფა ემრე ჩაბუქი ლტოლვილის სტატუსს მიიღებს,  მაშინ შეწყდება მისი ექტრადიციის პროცედურა თურქეთში. მუსტაფა ემრე ჩაბუქს თბილისის საქალაქო სასამართლომ წინასაექსტრადიციო პატიმრობა მიუსაჯა.

დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის მენეჯერი, თურქეთის მოქალაქე მუსტაფა ემრე ჩაბუქი 24 მაისს დააკავეს. როგორც მისმა ადვოკატმა სოსო ბარათაშვილმა ნეტგაზეთს განუცხადა, მიზეზი თურქეთის მხარის მოთხოვნაა, რომელიც ამტკიცებს, რომ ჩაბუქი “ტერორისტულ ორგანიზაცია” FETO-ს საქმიანობას უწყობდა ხელს. ამ ფაქტს ერთი დღით წინ უსწრებდა თურქეთის მთავრობის ვიზიტი საქართველოში, რომელზეც ოფიციალური ინფორმაციით, ეკონომიკური და კულტურის საკითხები იქნა განხილული.

თურქეთში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების საქართველოზე შესაძლო გავლენაზე ნეტგაზეთის სტატია წაიკითხეთ აქ. ფეტულა გიულენისა და ერდოღანის დაპირისპირების შესახებ – აქ.

მასალების გადაბეჭდვის წესი