“დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში” სასჯელაღსრულების, პრობაციის და იურიდილი დახმარების საკითხთა სამინისტროს წარმომადგენლები სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდნენ. 

 

მინისტრის პირველი მოადგილის გრიგოლ გიორგაძის თქმით, პირობითი მსჯავრის ვადა შემცირდება:

 

“მაქსიმალური ზღვარი არის 40 წელი, ჩვენ მას 6 წლამდე ვამცირებთ, მინიმალური ზღვარი 1 წელი იქნება. გარდა ამისა, შესაძლებელია პირობითი მსჯავრი  ვადაზე ადრეც მოიხსნას”.

 

მისივე თქმით, პრობაციონერს დაწესებულებაში გამოცხადების შესახებ  მოკლე ტექსტური შეტყობინებით შეახსენებენ:

 

“ხანდახან ავიწყდებათ, რომ მოსასვლელები არიან, ამის გამო ჯარიმა ეკისრებათ და ურთულდებათ სიტუაცია, ანუ  დარღვევაში ეთვლებათ და უარყოფითად აისახება მათ შეფასებაზე. რომ არ დაავიწყდეთ, ჩვენ მაგთისგან შევისყიდეთ sms მომსახურება. რეგულარულად გაეგზავნებათ შეტყობინება, რომ ხვალ უნდა გამოცხადდნენ”.

 

რაც შეეხება ჯარიმის თანხის ოდენობას, გიორგაძის განმარტებით, მისი შემცირება არ იგეგმება.

 

სამინისტროს წარმომადგენლება ქუთაისში გამართულ შეხვედრაზე საზოგადოებას  პენიტენციურ სისტემაში გაწეული სამუშაოს შესახებ ანგარიში წარუდგინეს და ინფორმაცია იმ რეფორმებისა და გეგმების შესახებ მიაწოდეს, რასაც სისტემაში უახლოეს მომავალში განახორციელებენ:  

 

“ჩვენ მიგვაჩნია, რომ სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის გარეშე, მათთან ყოველდღიური კავშირის გარეშე, აზრის გაცვლა-გამოცვლის გარეშე წარმოუდგენელია წარმატებებს მიაღწიო, რაც არ უნდა ძლიერი იყოს სახელმწიფო სტრუქტურა. აქედან გამომდინარე, დღევანდელი შეხვედრაც ემსახურებოდა იმას, რომ ჩვენ მოვისმინოთ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების მოსაზრებები იმ მიმდინარე რეფორმებზე, რასაც ჩვენ ვახორციელებთ და იმ ყველაფერზე, რასაც  ვგეგმავთ, რომ მომავალში განვახორციელოთ ამ სისტემაში,”- განაცხადა გიორგაძემ.

 

მინისტრის  კიდევ ერთი მოადგილე სოფიო ჯაფარიძე აცხადებს, რომ იურიდიული დახმარების უწყება შესაძლოა ცალკეულ ერთეულად ჩამოყალიბდეს:

 

“რაც შეეხება უფასო იურიდიული დამხრების ფუნქციონირებას, იგი კვლავ აქტიურად განაგრძობს სოციალურად დაუცველი ფენის მომსახურებას.   ერთადერთი  სიახლე, რაც ახლა, ამ ეტაპზე შეიჩნევა, ის არის, რომ საუბარია ამ სამსახურის სამინისტროს დაქვემდებარებიდან გასვლაზე, რადგან  იმის გამო, რომ იურიდიული სამსახური შედის სამინისტროს დაქვემდებარებაში, არის მოსაზრება ინტერესთა კონფლიქტზე, განსაკუთრებით იმ შემთხვეაში, თუკი რაიმე სამართალდარღვევას, რომელსაც პატიმართა დაცვა ჭირდება, ადგილი აქვს საპატიმრო დაწესებულებაში.  ამიტომ შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, უწყებათაშორისი  საკოორდინაციო საბჭო სისხლის სამართლის რეფორმაზე მომუშავე, და განიხილება საკითხი, რომ ეს სამსახური ჩამოყალიბდეს დამოუკიდებელ ერთეულად და ანგარიშვალდებული იყოს პარლამენტის წინაშე. ეს არის ერთ-ერთი იდეათაგანი”.

 

შეხვედრის მონაწილეების თქმით, მსგავსი აქტივობა ძალიან მნიშვნელოვანია:

 

“შეხვედრა საკმაოდ საინტერესო იყო. იყო საუბარი, რა გაკეთდა, რას აპირებენ გააკეთონ და მე ვთვლი, რომ ანალოგიური სახის შეხვედრები სისტემატიურად უნდა იმართებოდეს და არა მარტო აღნიშნული უწყების მიერ, არამედ კარგი იქნება, თუ სხვა უწყების წარმომადგენლებიც ჩააბარებენ ანგარიშს საზოგადოებას და არა მარტო თბილისში, არამედ რეგიონებშიც,”- განაცხადა ქუთაისის საინფორმაციო ცენტრის ხელმზღვანელმა ხვიჩა ვაშაყმაძემ. 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *