ახალი ამბები

გიორგი კახიანი: კონსტიტუციური ცვლილებების პროექტში ცვლილებების შეტანა შეუძლებელია

30 ივნისი, 2017 • 2422
გიორგი კახიანი: კონსტიტუციური ცვლილებების პროექტში ცვლილებების შეტანა შეუძლებელია

“ქართული ოცნების” საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, გამორიცხული არ არის, რომ მაჟორიტარული სისტემა 2020 წლის არჩევნებისთვის გაუქმდეს. “ქართული ოცნების” კიდევ ერთი წევრი გიორგი კახიანი კი ამბობს, რომ ორი მოსმენით მიღებულ კონსტიტუციური ცვლილებების პროექტში ცვლილებების შეტანა შეუძლებელია.

მამუკა მდინარაძის თქმით, მმართველი გუნდი ყოველთვის მზად იყო დიალოგისთვის, ხოლო საპასუხოდ – ოპონენტების მხრიდან არც ერთი კონსტრუქციული წინადადება მიუღიათ. მისი აზრით, ეს ნიშნავს, რომ კონსენსუსს ვერ მიაღწევდნენ ამის გამო. დეპუტატის ინტერპრეტაციით,  ჯანი ბუკიკიოს დღევანდელი განცხადებები ნიშნავს იმას, რომ კომპრომისის შეუძლებლობაში დარწმუნდა:

“მე დღეს ვერ გიპასუხებთ, ძალიან გულწრფელი რომ ვიყო,  რაიმე ცვლილებასთან დაკავშირებით იქნება თუ არა კონკრეტული მსჯელობა. როდესაც დიალოგი არსებობს, არაფრის გამორიცხვა შეიძლება, იქიდან გამომდინარე, რომ დიალოგის მიზანი კომპრომისული გადაწყვეტილების მიღებაა. ჩვენ ვცდილობთ, ბატონ ჯანი ბუკიკიოს ჩვენი განცხადებებიდან გამომდინარე სწორი დასკვნები გამოვატანინოთ, გამოიტანონ ჩვენმა ოპონენტებმა, გადმოდგან ნაბიჯი და რეალობა დაინახონ: ის, რომ გვაქვს პროგრესული კონსტიტუცია, ის, რომ დიალოგი ყოველთვის არის შესაძლებელი.”

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის, გიორგი კახიანის განმარტებით, კონსტიტუციის პროექტს მეორე მოსმენით განხილვის ეტაპზე დაბრუნება და მასში ცვლილებების შეტანა შეუძლებელია, რადგან კონსტიტუციური ცვლილებების პროექტის განხილვის წესი ასეთ რამეს არ ითვალისწინებს:

“სამი თვის გასვლის შემდეგ უნდა მოხდეს მესამე მოსმენით მიღება, ის გადაეგზავნება პრეზიდენტს და პრეზიდენტს აქვს ვეტოს უფლება. მისი დამოკიდებულების გათვალისწინებით, გამორიცხული არ არის, რომ ვეტოთი ისარგებლოს. პარლამენტი გაითვალისწინებს ან არ გაითვალისწინებს ამ ვეტოს და, საბოლოო ჯამში, კონსტიტუცია მიღებული იქნება.”

გიორგი კახიანი მოქმედ პარლამენტში ამ მომენტში ვერ ხედავს იმის შესაძლებლობას, რომ მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა გაუქმდეს და პროპორციულ სისტემაზე 2020 წელსვე გადავიდეთ:

“თუმცა 2020 წლამდე ბევრი დროა და მანამდე რა მოხდება, ამის პროგნოზირება შეუძლებელი არის,” – ამბობს კახიანი.

ცვლილებების შეტანა შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ  კონსტიტუციის დამტკიცების შემდეგ პრეზიდენტი ვეტოს უფლებას გამოიყენებს და მიუთითებს, რომ მაჟორიტარული სისტემა გასაუქმებელია. შესაბამისად, პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების გაზიარებისას კონსტიტუციაში ცვლილებები შევა. თუმცა, სავარაუდოდ, პრეზიდენტის შენიშვნები მხოლოდ საარჩევნო სისტემას არ შეეხება. შენიშვნების ნაწილობრივ გაზიარება კი შეუძლებელია. პარლამენტი პრეზიდენტის ვეტოს ან ყველა ნაწილში იზიარებს, ან საერთოდ არა.

___________________________________________________________

დღეს, 30 ივნისს ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა, ჯანი ბუკიკიომ ბათუმში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ კიდევ ერთხელ თქვა, რომ საარჩევნო სისტემა დაუყოვნებლივ უნდა შეიცვალოს. საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ხელისუფლება კონსტიტუციის მესამე მოსმენამდე ვენეციის კომისიასთან მუშაობას გააგრძელებს.  დღესვე საქართველოს პარლამენტის წევრმა, კახა ოქრიაშვილმა მაჟორიტარი დეპუტატების სახელით განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ კონსენსუსის მთავარი მხარე მაჟორიტარები არიან. 

კონსტიტუციური ცვლილებების პროექტის მიხედვით, 2020 წელს საპარლამენტო არჩევნები შერეული საარჩევნო სისტემით და 3-პროცენტიანი ბარიერით გაიმართება, ხოლო მომდევნო არჩევნები 5-პროცენტიანი ბარიერით და სრულად პროპორციული წესით.

მასალების გადაბეჭდვის წესი