ახალი ამბები

პრემიერი: კონსტიტუციის მესამე მოსმენამდე ვენეციის კომისიასთან მუშაობას გავაგრძელებთ

30 ივნისი, 2017 • 2125
პრემიერი: კონსტიტუციის მესამე მოსმენამდე ვენეციის კომისიასთან მუშაობას გავაგრძელებთ

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის თქმით, მზადაა, ვენეციის კომისიასთან კონსტიტუციური ცვლილებების პროექტზე მუშაობა პარლამენტში პროექტის მესამე მოსმენამდე გააგრძელოს. ამის შესახებ პრემიერმა დღეს, მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა:

“ჩვენ შევხვდით ვენეციის კომისიის პრეზიდენტს, სადაც განვიხილეთ ეს პროცესი. მე გამოვთქვი ჩემი მხრიდან მზადყოფნა და ჩვენი პოლიტიკური გუნდის მხრიდან მზადყოფნა, რომ გავაგრძელოთ ვენეციის კომისიასთან მუშაობა მესამე მოსმენამდე, ასევე, პოლიტიკური დიალოგიც,” – თქვა კვირიკაშვილმა.

პერმიერ-მინისტრის თქმით, დაგეგმილი ცვლილებები ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყანაში დემოკრატიის განვითარებისთვის. მმართველმა გუნდმა კი ყველაფერი გააკეთა კომპრომისული ნიადაგის შესაქმნელად.

“მინდა კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა, რომ ეს ცვლილებები არის ძალიან მნიშვნელოვანი, წინ გადადგმული ნაბიჯი საქართველოში დემოკრატიის განვითარების კუთხით. ჩვენ გვექნება კონსტიტუცია, რომელიც სწორედ ჩვენი გუნდის პოლიტიკური ნებით დაიხვეწა და აბსოლუტურ შესაბამისობაში იქნება ყველაზე მაღალ დემოკრატიულ სტანდარტებთან, რომელიც დღეს არსებობს მსოფლიოში და განსაკუთრებით ევროპაში”, – ამბობს კვირიკაშვილი.

ერთ-ერთ მნიშვნელოვან ცვლილებად პრემიერი 2024 წლიდან შერეულიდან პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ასახელებს:

“ცვლილებები, რომლებსაც ითვალისწინებს ახალი კონსტიტუცია, სადაც პირდაპირ არის გაწერილი დაბალანსებული ძალთა გადანაწილება მთავრობასა და პარლამენტს შორის, სადაც პარლამენტის როლი მნიშვნელოვნად იზრდება, სადაც მნიშვნელოვნად არის გამარტივებული მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურები, რომლებიც აბსოლუტურად გაუგებარი იყო კონსტიტუციაში და მორგებული იყო წინა პოლიტიკურ გუნდზე, ასევე იმ გადაწყვეტილების გამო, რომ 2024 წელს გადავალთ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე, 2020 წლის ერთი მოწვევის პარლამენტისთვის 3%-მდე ბარიერის დაწევა და ა.შ. უამრავი კომპრომისული ნაბიჯი იქნა გადადგმული ჩვენი გუნდის მიერ იმისათვის, რომ მონახულიყო პოლიტიკური კონსენსუსისთვის ნიადაგი” – თქვა კვირიკაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი