ნეტგაზეთი | უდუმაშვილი: “სითი პარკთან” დადებული ხელშეკრულება უნდა გაუქმდეს უდუმაშვილი: “სითი პარკთან” დადებული ხელშეკრულება უნდა გაუქმდეს – Netgazeti
RU | GE  

უდუმაშვილი: “სითი პარკთან” დადებული ხელშეკრულება უნდა გაუქმდეს

“ნაციონალური მოძრაობის” თბილისის მერობის კანდიდატი, ზალიკო უდუმაშვილი აცხადებს, რომ მისი მერად არჩევის შემთხვევაში, “სითი პარკთან” ხელშეკრულებას გააუქმებს.

მან “კაბალური” უწოდა “სითი პარკთან” დადებულ ხელშეკრულებას და განაცხადა, რომ ეს “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლების შეცდომა იყო.

“იმის ნაცვლად, რომ კომპანიას საპარკინგე ინფრასტრუქტურა მოეწესრიგებინა ქალაქში, დედაქალაქში შემოვიდა მხოლოდ ერთ ფუნჯით და ერთი ქილა საღებავით და, უბრალოდ, დახაზა ეს ქუჩები. ამის შედეგად თბილისელებისგან ყოველწლიურად იღებს მილიონობით ბეგარას. ვთვლი, რომ ძალიან დიდი შეცდომა იყო წინა ხელისუფლების, რომელმაც ასეთი კაბალური ხელშეკრულება გაუფორმა “სითი პარკს”, თან 2025 წლამდე, ხოლო შემდეგ უკვე ამ ხელისუფლებამ ძალიან კომფორტულად გადაიბარა ურთიერთობა “სითი პარკთან”. თბილისის მერად არჩევის შემთხვევაში, ერთ-ერთი პირველი საკითხი, რომელიც დადგება დღის წესრიგში, იქნება “სითი პარკის” ამ ქალაქიდან ჩამოშორება,” – ამბობს ზალიკო უდუმაშვილი.

2007 წელს თბილისის მერიის მიერ გამოცხადებულ აუქციონში გაიმარჯვეს კომპანიებმა -“ამაგონი” და “შოჰან პარკინგ სერვისი”, რომელთა გაერთიანების შედეგადაც დაფუძნდა “სითი პარკი”. შესაბამისად, თბილისის ტერიტორიაზე ავტომანქანების პარკირების საკითხს 2007 წლიდან სწორედ ეს კომპანია არეგულირებს. “სითი პარკი” ერთადერთი კომპანიაა, რომელსაც დღეს დედაქალაქში პარკირების სისტემის მოწესრიგება ევალება.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი