საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ეკა ბესელიას განცხადებით, დღეიდან მშვიდად შეუძლიათ გააგრძელონ საქმიანობა:
„დასრულდა კონსტიტუციასთან დაკავშირებული ვნებათაღელვა. დღეს უკვე პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო საკონსტიტუციო ცვლილებები. ნებისმიერი ილუზია, რომელიც შექმნილი იყო, რომ სააკშვილი შეძლებდა აპრილში სასწაულების მოხდენას, ამ მითს, აი, ამ გადაწყვეტილებით წერტილი აქვს დასმული. ახლა საჭიროა ჩვენ ძალიან მშვიდ და უფრო კონსტრუქციულ, საქმიან ვითარებაში სხვა მნიშვნელოვანი კანონები მივიღოთ. დღეს არის ზუსტად სამი თვისთავი, როდესაც დაიწყო ამ თემაზე საუბარი და ამ ხნის განმავლობაში მართლაც ძალიან დიდი ენერგია და ემოცია მოითხოვა ამ გადაწყვეტილების საბოლოოდ მიღებამ. ეს არის ის ეტაპი, როდესაც ნებისმიერი წარმოდგენა, რომელიც შექმნილი იყო სააკაშვილის მიერ აპრილში მოსალოდნელ საოცარ ცვლილებებთან დაკავშირებით დასრულებულია. დღეიდან მშვიდად შეგვიძლია გავაგრძელოთ საქმიანობა.”
საპარლამენტო უმცირესობის წევრის, გიგი წერეთელის თქმით, დროა ხელისუფლებამ ვალდებულებები შეასრულოს:
„დასრულდა ეს პროცესი , მთავარია, დასრულდა მშვიდობიანად. ახალ ხელისუფლებას, მთავრობას, მე მგონია, აღარ აქვს განცდა არასტაბილურობის. ჩვენ შევასრულეთ ჩვენი პირობა, დავუჭირეთ მხარი ამ ცვლილებებს და ახლა ველოდებით, რომ მთავრობამ მეტი გააკეთოს. უფრო მშვიდად არიან. მათ უნდა შეძლონ ის, რომ ვალდებულებები შეასრულონ და საქართველოში უკეთ იყოს ცხოვრება, ვიდრე იყო აქამდე. ჩვენ, უმცირესობამ ძალიან გვინდა ეს ვნახოთ.“
საკონსტიტუციო ცვლილებები პარლამენტმა მესამე მოსმენით 114 ხმით 0-ის წინააღმდეგ მიიღო.