საქართველოს ვიცეპრემიერი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა აზერბაიჯანში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდა.
შეხვედრასთან დაკავშირებით იდენტური და მწირი ინფორმაცია გაავრცელა როგორც ქართულმა, ასევე, აზერაიჯანულმა მხარემ.
“შეხვედრისას ქვეყნებს შორის განათლებისა და მეცნიერების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობაზე იმსჯელეს. აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის მიერ აღინიშნა, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანის კეთილმეზობლური და მეგობრული ურთიერთობა რეგიონში სტაბილურობის წინაპირობაა. საქართველოს ვიცეპრემიერმა ალექსანდრე ჯეჯელავამ პრეზიდენტს საქართველოს განათლების სფეროში მიმდინარე რეფორმები გააცნო და, როგორც მხარეებმა აღნიშნეს, ამ კუთხით ქვეყნებს შორის თანამშრომლობა კვლავ აქტიურად გაგრძელდება”, – ნათქვამია საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მსგავსი ზოგადი ინფორმაცია გაავრცელა აზერბაიჯანულმა მხარემაც. აზერბაიანული მედია ხელისუფლების ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს, რომ “ჯეჯელავა და ალიევი უნივერსიტეტში იმყოფებოდნენ, რამაც მათზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა”.
“ჯეჯელავამ განაცხადა, რომ ბაქოს ნავთობის უმაღლესი სკოლის საქმიანობა ასევე დიდ ინტერესს იწვევს. სტუმარმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ერთობლივი ძალისხმევა განათლების სფეროში აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის თანამშრომლობისთვის”.
აზერბაიჯანული მედიის ცნობითვე, ილჰამ ალიევმა და ალექსანდრე ჯეჯელავამ სტუდენტების გაცვლის საკითხიც განიხილეს.
იყო თუ არა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან შეხვედრის ერთ-ერთი თემა თბილისიდან აზერბაიჯანში გატაცებული გამომძიებელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქმე, უცნობია. თუმცა საქართველოს ვიცეპრემიერი და განათლების მინისტრი, რომელმაც მუხთარლის გატაცების შემდეგ არაერთი განცხადება გააკეთა, რუსთავი 2-თან საუბარში ირწმუნება, რომ ალიევთან შეხვედრის დროს აფგან მუხთარლის თემაზე არ უსაუბრია და არ დაინტერესებულა მისი განხილვით, ვინაიდან დღის წესრიგით გათვალისწინებული არ ყოფილა.
აფგან მუხთარლის გატაცების საქმეზე ალექსანდრე ჯეჯელავას მიერ გაკეთებული განცხადებებიდან ჩანს, რომ ის იზიარებს აზერბაიჯანის მთავრობის და საგამოძიებო უწყებების პოზიციას, რომ ბაქოში დევნილი ჟურნალისტი თავად ცდილობდა საქართველოდან აზერბაიჯანში უკანონოდ გადასვლას, რა დროსაც ის დააკავეს.
აფგან მუხთარლი თბილისიდან 29 მაისს გაუჩინარდა და 30 მაისს ბაქოში აღმოჩნდა დაპატიმრებული. მან ადვოკატს უთხრა, რომ თბილისის ცენტრიდან გაიტაცეს საქართველოს შსს კრიმინალური პოლიციის ფორმაში ჩაცმულმა ადამიანებმა და თავზე ტომარაჩამოცმული გადაიყვანეს საზღვარზე. საქართველოს შსს-ს ამ დრომდე არ გამოუძიებია მუხთარლის გატაცების საქმე და არ გაუსაჯაროებია ვიდეოკამერების ჩანაწერები, რომლებიც უნდა ასახავდეს მუხთარლის გადაადგილებას 29 მაისს, როცა ის გაუჩინარდა.