ახალი ამბები

ჯეჯელავა: საეჭვო გარემოება არ არის, რომ მუხთარლის პასპორტი სახლშია

1 ივნისი, 2017 • 3159
ჯეჯელავა: საეჭვო გარემოება არ არის, რომ მუხთარლის პასპორტი სახლშია

“ჩემი პასპორტიც სახლშია” – ამბობს “მაესტროს” ეთერში განათლების მინისტრი და საეჭვოდ არ მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ აფგან მუხთარლი პასპორტის გარეშე გადაიყვანეს საქართველოს საზღვრიდან აზერბაიჯანში, სადაც ამჟამად წინასწარ პატიმრობაში იმყოფება.

ალექსანდრე ჯეჯელავას თქმით, სიცრუეა, როდესაც ჟურნალისტის თბილისიდან გაუჩინარებას მედიასაშუალებები “გაუჩინარებად”, “გაქრობად” ან “გატაცებად” აფასებენ, თუმცა ამის გამო ქვეყნის ვიცეპრემიერი მხოლოდ “ნაციონალურ მოძრაობასა” და “მათ პარტიულ ტელევიზიას” აკრიტიკებს.

“თუ წმინდა წყლის სიმართლედ მივიღებთ იმ სიცრუეს, რომელსაც ავრცელებს “ნაციონალური მოძრაობა” და მათი პარტიული ტელევიზია, რომ ეს ადამიანი “გაუჩინარდა”, “გაქრა”, “გაიტაცეს”, ესე იგი ცენტრალური თბილისიდან, ამ შემთხვევაში, ეს არის ძალიან სერიოზული ბრალდება. თუმცა ამ ეტაპზე რამდენადმე დადასტურებული მასალაც კი ან ცნობა იმის შესახებ, რომ ეს ასე მოხდა, არ არსებობს. დღეს ჩვენ რაც ვიცით, არის ის, რომ ეს ადამიანი იყო საზღვარზე, სცადა საზღვრის გადაკვეთა, ეს ინფორმაცია გვაქვს მოწოდებული, და დააკავეს ამ დროს,” – განუცხადა განათლების მინისტრმა “მაესტროს”.

როგორც საქართველოს ვიცეპრემიერი ვარაუდობს, თუ ადამიანი საზღვრის გადაკვეთას კანონიერად გეგმავდა, დასჭირდებოდა პასპორტი, ხოლო თუ უკანონოდ – არა:

“საეჭვო გარემოება, რომ პასპორტი სახლში აქვს ადამიანს, სრულიად არ არის. ჩემი პასპორტიც სახლშია. ეს ადამიანი თუ საზღვრის გადაკვეთას კანონიერად გეგმავდა, მაშინ დასჭირდებოდა პასპორტი. უკანონოთ თუ გეგმავდა, არ დასჭირდებოდა პასპორტი. რაც შეეხება იმას, რომ [მუხთარლის] მეუღლემ და ადვოკატმა ყველაფერი გააკეთონ ამ ადამიანის გასამართლებლად, ეს ბუნებრივია. ეს ხალხი პირდაპირ ცდილობს, რომ თავისი, ერთ შემთხვევაში, მეუღლე და, მეორე შემთხვევაში, დაცვის ქვეშ მყოფი დაიცვან, რაც არის მათი მოვალეობა და უფლებაც, ალბათ.”

აზერბაიჯანელი აქტივისტი და ჟურნალისტი, აფგან მუხთარლი უკანასკნელად 29 მაისს, 19:00 საათზე თბილისში, საკუთარმა მეგობრებმა ნახეს. მან დაურეკა მეუღლეს და უთხრა, რომ მალე მივიდოდა სახლში, ამის შემდეგ ის თბილისში აღარავის უნახავს. აფგან მუხთარლი ამჟამად აზერბაიჯანშია დაკავებული. ადვოკატი აცხადებს, რომ მუხთარლი თბილისში ჯერ ქართულად მოსაუბრე ადამიანებმა დააკავეს, – “ის ეჭვობს, რომ ეს ადამიანები სახელმწიფოს ძალოვანი სტრუქტურებიდან იყვნენ. შემდეგ აზერბაიჯანელებს გადასცეს, რომლებმაც მას თვალები აუხვიეს, ხელბორკილი დაადეს და სასტიკად სცემეს”.

აფგან მუხთარლის ბრალი სამი მუხლით წაუყენეს, ესენია “კონტრაბანდა”, “საზღვრის უკანონო გადაკვეთა” და “პოლიციისთვის დაუმორჩილებლობა”. მას აზერბაიჯანის სასამართლომ სამთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ ორგანიზებულ აქციებზე აფგან მუხთარლის ცოლს, ლეილა მუსტაფაევას თან ჰქონდა თავისი ქმრის პასპორტი. იგი სვამდა კითხვას, რატომ ეცდებოდა მისი მუხთარლი სხვა ქვეყნის საზღვრის გადაკვეთას ისე, რომ თან არ ექნებოდა საკუთარი პასპორტი.

მასალების გადაბეჭდვის წესი