საქართველოს ვიცეპრემიერი ალექსანდრე ჯეჯელავა მორიგ განცხადებას აკეთებს აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით, რომლითაც ის იზიარებს აზერბაიჯანის მთავრობის და საგამოძიებო უწყებების პოზიციას, რომ ბაქოში დევნილი ჟურნალისტი თავად ცდილობდა საქართველოდან აზერბაიჯანში უკანონოდ გადასვლას და ამ დროს დააკავეს.
“მთავარი შეკითხვა და მთავარი სინანული ჩემთვის არის ის, რომ ფაქტად არის მიღებული დაშვება, რომ ეს ადამიანი გაუჩინარდა თბილისის ცენტრში”, – ამბობს ჯეჯელავა.
აფგან მუხთარლიმ პირადად უამბო ადვოკატს, რომ თბილისში, ჭონქაძის ქუჩიდან გაიტაცეს, როდესაც კაფედან შინ ბრუნდებოდა. ადვოკატისთვის მიწოდებული ინფორმაციით, გამტაცებლები ოპელის მარკის ავტომანქანით იყვნენ, ეცვათ საქართველოს კრიმინალური პოლიციის ფორმები და საუბრობდნენ ქართულად. შემდეგ ის უკვე გადაეცა აზერბაიჯანის სპეცსამსახურებს და დააპატიმრეს სამი ბრალდებით, მათ შორისაა, საზღვრის უკანონო კვეთა, კონტრაბანდის გადატანა (აზერბაიჯანის პროკურატურის ცნობით, მუხთარლის გადაჰქონდა 10 ათასი ევრო ნაღდი ფული) და პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევა.
თბილისის ცენტრიდან აზერბაიჯანელი ჟურნალისტის გაუჩინარების ფაქტს აპროტესტებენ ჟურნალისტები საქართველოში. მათ პროტესტს უერთდება არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი. ოპოზიცია ითხოვს ძალოვანი მინისტრებისა და მთავრობის პასუხისმგებლობას მომხდართან დაკავშირებით. კრიტიკული შეფასებით გამოვიდა პრეზიდენტი, რომელმაც საჯაროდ იკითხა, თუ როგორ ხდება, რომ A პუნქტში ქრება ადამიანი B პუნქტში ჩნდება.
“ეს ადამიანი შესაძლებელია, ამაზე არავინ არ საუბრობს, რომ წასულიყო ა პუნქტიდან და ჩასულიყო ბ პუნქტში, ასე ვთქვათ, რატომ არ აფიქრდებათ ეს ალტერნატივა, ეს მათი საქმე… თუ უკანონოდ აპირებდა საზღვრის გადაკვეთას, აუცილებლად ასე იზამდა”, – განაცხადა დღეს პრეზიდენტის განცხადების საპასუხოდ ჯეჯელავამ.
საქართველოს შსს მუხთარლის საქმეზე გამოძიებას აწარმოებს თავისუფლების უკანონოდ შეზღუდვის მუხლით.