ახალი ამბები

თბილისში მზიურის კაფეს საბურავი დაეცა [ფოტო/ვიდეო]

24 ივნისი, 2017 •
თბილისში მზიურის კაფეს საბურავი დაეცა [ფოტო/ვიდეო]

დღეს, 24 ივნისს, მზიურის კაფეს დაეცა საბურავი, რომელიც მაგიდასა და სკამებს მოხვდა. მომხდარის ამსახველი ვიდეომასალა თავად კაფეს ადმინისტრაციამ გაავრცელა.

კადრებში ჩანს, რომ საბურავი ტერიტორიას დღისით, 13:58 საათზე ეცემა.

პროექტ “ახალი მზიურის” ხელმძღვანელმა, ანა გოგუაძემ “ნეტგაზეთთან” საუბრისას განაცხადა, რომ ზუსტად კაფეს მოპირდაპირე მხარეს, ფერდობზე, მიმდინარეობს მშენებლობა და სავარაუდოდ, საბურავი სწორედ იმ ტერიტორიიდან გადმოვარდა.  მისივე თქმით, ამ მხრიდან მზიურის ტერიტორიაზე სხვა დროსაც ცვიოდა ხოლმე ნაგავი.

“ეზოში, სადაც საბურავი დავარდა, ჩვილი ბავშვებით არიან ხოლმე მშობლები. ვინმეს რომ დასცემოდა, მე არ ვიცი, იქ რა მოხდებოდა,”- განაცხადა ანა გოგუაძემ.

ანა გოგუაძე შიშობს, რომ შესაძლოა, მსგავსი რამ კიდევ განმეორდეს და არანაირი გარანტია არ აქვს, რომ ეს აღარ მოხდება.

მისივე თქმით, ვიდრე საბურავი კაფეს ტერიტორიაზე დავარდებოდა, გზა გადმოკვეთა, სადაც, იმ მომენტში არავინ იმყოფებოდა.

მზიურის კაფეში ჩამოვარდნილი საბურავი

ანა გოგუაძის თქმითვე, მან საპატრულო პოლიციის გარდა მერიის ზედამხედველობის სამსახურშიც დარეკა და მოსვლა სთხოვა, თუმცა, ჯერ არ მისულან. “ნეტგაზეთს” მერიის პრესსამსახურში განუცხადეს, რომ ზედამხედველობის სამსახურს მსგავს შემთხვევებზე მყისიერი რეაგირება აქვს და აღნიშნეს, რომ მომხდარის შესახებ ინფორმაციას მოიკვლევდნენ და მოგვაწვდიდნენ.

ნეტგაზეთმა ასევე დარეკა შინაგან საქმეთა სამინისტროში გასარკვევად, დაიწყო თუ არა მომხდარზე გამოძიება. მათ პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

19396665_10208897526105848_6722702604779900048_n (1)

 

იმ ადგილას, სადაც საბურავი ჩამოვარდა, არაერთი ხალხმრავალი ღონისძიება იმართება, მათ შორის, პრეზენტაციები, გამოფენები და კინოჩვენებები.

მასალების გადაბეჭდვის წესი