დიმიტრი გვრიტიშვილი, ირაკლი შენგელია, ირაკლი ბონდარენკო, ვასილ მშვენიერაძე – იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახლადარჩეული წევრები არიან.
ისინი დღეს, 24 ივნისს, მოსამართლეთა კონფერენციაზე აირჩიეს. ოთხ ვაკანტურ თანამდებობაზე 7 კანდიდატი დასახელდა – ხვიჩა კიკილაშვილი, ირაკლი შენგელია, დიმიტრი გვრიტიშვილი, თეიმურაზ სვანიძე, ვასილ მშვენიერაძე, ირაკლი ბონდარენკო, თამარ ბეჟანიშვილი. თუმცა, ხმათა უმრავლესობა ამ ოთხმა კანდიდატმა მიიღო.
დიმიტრი გვრიტიშვილი 2008-2012 წლებში თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე იყო, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ 2012 წლიდან მუშაობს, ხოლო 2015 წლიდან ამავე სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილებას ახორციელებდა. თავმჯდომარედ გვრიტიშვილი იუსტიციის საბჭომ 5 ივნისს დანიშნა. 24 ივნისს კი გვრიტიშვილი იუსტიციის უმაღლესუ საბჭოს წევრი გახდა.
2012 წლის მაისში თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე დიმიტრი გვრიტიშვილმა იყო მოსამართლე საქმეზე, სადაც დაადგინა, რომ ნათია მოგელაძის უწყებამ 5 მილიონამდე ლარით კანონიერად დააჯარიმა ივანიშვილის ერთ-ერთი კომპანია. ივანიშვილის მაშინდელი ადვოკატები, ეკა ბესელია და სანდრო ბარამიძე გვრიტიშვილის აცილებას ითხოვდნემ. ბესელიამ იგი ფორმალური სასამართლოს მოწყობაში დაადანაშაულა და მიკრეძოებული უწოდა.
მოსამართლე დიმიტრი გვრიტიშვილის სახელს სხვა გახმაურებული საქმეებიც უკავშირდება. ასეთია დიღმის ტყე–პარკისთვის რეკრეაციული ზონის სტატუსის მოხსნის საქმე, დაჩი ცაგურიასთვის ადმინისტრაციული პატიმრობის მისჯა და ა.შ.
ირაკლი შენგელია 2004-2005 წლებში მუშაობდა შსს გენერალურ ინსპექციაში ინსპექტორის თანამდებობაზე; 2005 წელს – გორის რაიონული პროკურატურის პროკურორად; 2005-2006 წლებში მუშაობდა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორად; 2006-2007 წლებში – მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის განყოფილების უფროსის თანამდებობაზე; 2007 წელს – შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის განყოფილების უფროსად; 2007 წლის ნოემბრიდან არის თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე და ამავე სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის თავმჯდომარე.
მოსამართლე ირაკლი შენგელიამ 2011 წლის დეკემბერში განაცხადა, რომ მას პოლიციელის ჩვენებაზე სანდო ჩვენება ვერ წარმოუდგენია. მის ამ განცხადებას ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მაშინდელმა თავმჯდომარემ, თამარ ჩუგოშვილმა უპასუხა, რომ „მაშინ რა საჭიროა სასამართლო, პირდაპირ მიუსაჯეთ პატიმრობა.“
ირაკლი ბონდარენკო 1998-2007 წლებში მუშაობდა საკონსტიტუციო სასამართლოში წამყვან სპეციალისტად, შემდგომ მოსამართლის თანაშემწედ და მთავარ მრჩევლად; 2009-2011 წლებში იყო ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მოსამართლე; 2011 წლის მარტიდან არის სიღნაღის რაიონული სასამართლოს მოსამართლე და ამავე სასამართლოს თავმჯდომარე; საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2017 წლის 11 მაისის გადაწყვეტილებით დაინიშნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლედ;
ვასილ მშვენიერაძე 2004-2005 წლებში მუშაობდა თბილისის საოლქო სასამართლოს თავმჯდომარის აპარატის უფროსად; 2006 წელს – თსუს იურიდიული სამსახურის უფროს სპეციალისტად; 2006-2007 წლებში მუშობდა მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორად; 2007-2008 წლებში მუშაობდა მცხეთის რაიონულ პროკურატურაში პროკურორად; 2008-2012 წლებში დაკისრებული ქონდა მცხეთის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილება; 2012-2016 წლებში იყო მცხეთის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე; 2015 წლის გადაწყვეტილებით აირჩიეს საქართველოს საპროკურორო საბჭოს წევრად; იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2017 წლის 11 მაისის გადაწყვეტილებით დაინიშნა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლედ.
არცერთ ახლადარჩეულ წევრს, ჟურნლისტებთან საუბრისას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის მიმართ პრეტენზიები არ გამოუვლენია. ისინი ძირითადად საუბრობდნენ, რომ საბჭოს წინა შემადგენლობის მიერ არჩეულ კურსს გააგრძელებდნენ.
ამ კანდიდატებმა ჩაანაცვლეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ის მოსამართლე წევრები, რომელთაც უფლებამოსილების ოთხწლიანი ვადა ამოეწურათ: ლევან მურუსიძე, მერაბ გაბინაშვილი, თამარ ალანია და შოთა გეწაძე.