ახალი ამბები

ვახტანგ ხმალაძე: სარეიტინგო კენჭისყრა არ შედგება

20 მარტი, 2013 • 1189
ვახტანგ ხმალაძე: სარეიტინგო კენჭისყრა არ შედგება

ხმალაძემ ტელეკომპანია “მე-9 არხის” გადაცემა “მთავარ კითხვაში” განაცხადა, რომ პარლამენტის პლენარულ სესიაზე ხვალ პირდაპირ, ყოველგვარი სარეიტინგო გამოკითხვის გარეშე, გაიმართება საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრა. მისივე თქმით, ისედაც ცხადია, რომ უმრავლესობა ამ ცვლილებებს ვერ მიიღებს “ნაციონალური მოძრაობის” 53-წევრიანი შემადგენლობიდან მინიმუმ 6 მათგანის მხარდაჭერის გარეშე, ხოლო თუ ვინ იქნებიან ისინი, ამის გარკვევას, ხმალაძის განცხადებით, სარეიტინგო კენჭისყრა არ ჭირდება და ეს თავად “ნაციონალურმა მოძრაობამ” უნდა გაარკვიოს მის რიგებში.

 

გუშინ, 19 მარტს საქართველოს პრეზიდენტი წყალტუბოში საპარლამენტო უმცირესობას შეხვდა, რის შემდეგაც ცნობილი გახდა მათი პოზიცია: “ნაციონალური მოძრაობა” მხარს დაუჭერს საკონსტიტუციო ცვლილებებს მხოლოდ იმ პირობით, რომ მანამდე შედგეს სარეიტინგო კენჭისყრა, რათა დაფიქსირდეს, რომ უმრავლესობას არ გააჩნია საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის აუცილებელი 100 ხმა და რამდენიც დააკლდება, პრეზიდენტის პარტია მზადაა იმდენი ხმა მისცეს ცვლილებებს, რომლითაც იზღუდება პრეზიდენტის უფლებამოსილება მთავრობის დათხოვნისა და ფორმირების საკითხში.

 

დღეს საღამოს მიხეილ სააკაშვილმა სატელევიზიო მიმართვა განახორციელა და საპარლამენტო უმრავლესობას და უმცირესობას ერთმანეთის წინადადებების მიღებისკენ მოუწოდა:

 

“გადავდოთ პიროვნული ამბიცია და მივიღოთ ერთმანეთის წინადადებები. საჭიროა დიალოგი და უნდა შევქმნათ მოდელი, რომ ყველა საკითხი ამ გზით გადაწყდეს. ასე საერთო გამარჯვებას მივაღწევთ!” – განაცხადა სააკაშვილმა.

 

საკონსტიტუციო ცვლილებები უკვე ორი თვეა, რაც უთანხმოების საგანს წარმოადგენს პრემიერისა და პრეზიდენტის პოლიტიკურ გუნდებს შორის.

მასალების გადაბეჭდვის წესი