აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, ხადიჯა ისმაილოვას ინფორმაციით, რადიო თავისუფალი ევროპის ყოფილი პროდიუსერი, ფრილანსერი რეპორტიორი კამრან მაჰუმდოვი აზერბაიჯან-საქართველოს საზღვარზე დააკავეს. ისმაილოვას ცნობით, იგი აზერბაიჯანელმა სამართალდამცველებმა აიყვანეს.
“მაჰმუდოვი გააჩერეს ყაზახის რაიონში. ის ახლა პოლიციაში იმყოფება. ადვოკატს პოლიციამ თავდაპირველად უთხრა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ძებნაში იყო. შემდგომში პოლიციამ განაცხადა, რომ მაჰმუდოვი ძებნილთა სიაში არ ფიქსირდებოდა, თუმცა ქვეყნის დატოვება აკრძალული ჰქონდა. ადვოკატი ვარაუდობს, რომ მაჰმუდოვს გაათავისუფლებენ, თუმცა აზერბაიჯანის დატოვებას ვერ შეძლებს”, – წერს ისმაილოვა.
ისმაილოვას თქმით, ბაქოში RFE/RL-ის ოფისის დახურვის შემდეგ მაჰმუდოვი ჟურნალისტურ საქმიანობას დამოუკიდებლად ეწეოდა სხვადასხვა პლატფორმაზე.