ახალი ამბები

არის თუ არა უშიშროების საბჭო ნულოვანი ეფექტის ორგანო – ორი მოსაზრება

21 ივნისი, 2017 •
არის თუ არა უშიშროების საბჭო ნულოვანი ეფექტის ორგანო – ორი მოსაზრება

პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საპარლამენტო მმართველობის სისტემაში უშიშროების საბჭო, რომელიც პრეზიდენტის დაქვემდებარებაშია, აბსოლუტურად უფუნქციოა. მისივე თქმით, ქვეყანას ჰქონდა ამ ორგანოს არსებობის ტრადიცია, რადგან საპრეზიდენტო ან ნახევრად საპრეზიდენტო სისტემაში ფუნქციონირებდა:

“უშიშროების საბჭო არის ორგანო, რომელიც დამახასიათებელია საპრეზიდენტო და ნახევრად საპრეზიდენტო სისტემებისთვის. მას შემდეგ გახდა არაქმედითი უშიშროების საბჭო, რაც ეს ინსტიტუტი საპარლამენტო მმართველობის პირობებში შენარჩუნდა. აქ არასწორად ითქვა ის, რომ თითქოს იმიტომ არ მუშაობს უშიშროების საბჭო, რომ არსებობს კონფლიქტი პრეზიდენტსა და პრემიერს შორის  […] ეს ორგანო ვერანაირად ვერ გახდა უფრო ქმედითი ძალიან მარტივი მიზეზის გამო, კონსტიტუციურ ჩარჩოსთან არის ლოგიკურად წინააღმდეგობაში ეს ორგანო, რომელიც დღესაა ჩამოყალიბებული”,- განაცხადა კობახიძემ საკონსტიტუციო რეფორმის საპარლამენტო განხილვისას.

მისივე შეფასებით, დღეს უშიშროების საბჭოს ეფექტურობა ნულოვანია და, შესაბამისად, მისი გაუქმება ნულოვან დონეზე აისახება ქვეყნის თავდაცვისუნარიანობასა და უსაფრთხოებაზე:

“აქ იყო საუბარი იმაზე, რომ ჰიბრიდული ომის პირობებში საჭიროა 24-საათიან რეჟიმში კოორდინაცია, თუ ვინმე დამიმტკიცებს იმას, რომ უშიშროების საბჭო 24-საათიან რეჟიმში კი არა, 24-დღიან რეჟიმში აკეთებს რაიმეს ამ კუთხით, მაშინ პირველი მე მივემხრობი ამ ორგანოს კონსტიტუციაში დატოვებას. დღეს უშიშროების საბჭო არის ნულოვანი ეფექტურობის ორგანო, შესაბამისად, ამ ორგანოს გაუქმება ნულოვან დონეზე აისახება თავდაცვისუნარიანობასა და ქვეყნის უსაფრთხოებაზე”,- განაცხადა კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის მოსაზრებებს არ იზიარებს საპარლამენტო უმცირესობის წევრი და უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი გიგა ბოკერია. იგი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტს, როგორც ქვეყნის მთავარსარდალს, კოორდინირების ინსტრუმენტი უნდა ჰქონდეს:

“თუ მოინდომებ საბოტაჟს, რასაც აკეთებდა ეს მთავრობა მთელი ეს პერიოდი სახელმწიფო ინსტიტუტების ზოგადად და კერძოდ ამ ინსტიტუტის მიმართ, ასე ვერც ერთი ორგანო ვერ იმუშავებს. ნებისმიერი სახელმწიფო ინსტიტუტი მუშაობს იმ შემთხვევაში, თუ ძირითადი მოთამაშეები პატივისცემით ეპყრობიან მას, როგორც ინსტიტუტს. ამიტომ ეგ ტესტი, რასაც ბატონი კობახიძე ლაპარაკობს, ვერ გამოდგება. თავისთავად ჩვენ ვართ კომიკურ ვითარებაში მთელი ეს პერიოდი, მარტო უშიშროების საბჭო კი არა, მეორე საბჭოცაა, რომელსაც უსაფრთხოების საბჭო დაერქვა, ისიც არ არსებობს. [..] თუ პრეზიდენტი მთავარსარდალია, მას უნდა ჰქონდეს ინსტრუმენტები, თუ როგორ ახდენს მშვიდობის დროს. ღმერთმა დაგვიფაროს, თუ დადგა ომიანობის დრო, როგორ ახდენს კოორდინირებას იმ სამუშაოსი, რომელიც შემდეგ მას აძლევს საშუალებას, რომ იყოს ეფექტური მთავარსარდალი”, – ამბობს ბოკერია.

საკონსტიტუციო რეფორმის პროექტი ითვალისწინებს უშიშროების საბჭოს გაუქმებას, შესაბამისად, საბჭოს შესახებ ჩანაწერი კონსტიტუციაში აღარ იქნება. საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, საკონსტიტუციო პროექტში ამ ცვლილებების შეტანა გამოხატავს უსაფრთხოების საკითხების მიმართ არაადეკვატურ დამოკიდებულებას.

„შემაშფოთებელია ის დამოკიდებულება, რომელიც დღეს არის –  უშიშროების საბჭო პრეზიდენტისაა, ამიტომ, მოდი, გავაქროთ და გავაძლიეროთ სხვა სტრუქტურები”,- თქვა პრეზიდენტმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი