ახალი ამბები

პრეზიდენტი: შემაშფოთებელია დამოკიდებულება უშიშროების საბჭოს მიმართ

10 მაისი, 2017 • 1904
პრეზიდენტი: შემაშფოთებელია დამოკიდებულება უშიშროების საბჭოს მიმართ

დღეს „თბილისის სტრატეგიული დისკუსიის“ ფორმატში გიორგი მარგველაშვილმა ახალი საკონსტიტუციო რეფორმის შედეგად გაუქმებულ უშიშროების საბჭოს როლზე და მნიშვნელობაზე ისაუბრა.

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ცვლილებების შემუშავებამდე უშიშროების საბჭოს მიმართ დამოკიდებულებები გამოიხატებოდა როგორც საჯარო განცხადებებში, ასევე, ამ ორგანოს მუშაობის მიმართ ღია ბოიკოტში და პარალელური სტრუქტურის, უსაფრთხოების საბჭოს შექმნაში.

პრეზიდენტის განცხადებით, ასეთი ვითარების პოზიტიური განვითარება და კოორდინირებული მუშაობა შესაძლებელი იყო, თუ იქნებოდა პოლიტიკური ნება.

„რეალურად ის ორგანო, რომელიც უნდა უზრუნველყოფდეს, როგორც ჯარის, შეიარაღებული ძალების გაძლიერებას, ასევე, სერიოზული გამოწვევების მიიმართ მზადყოფნას, ფაქტობრივად, გამქრალია კონსტიტუციიდან და ჩანაცვლებულია, ერთი მხრივ, თავდაცვის საბჭოთი, რომელიც მხოლოდ ომიანობის დროს ფუნქციონირებს, ხოლო, მეორე მხრივ, ლოზუნგით – საქართველო ნატო-ს წევრი ქვეყანა უნდა გახდეს,“ – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა კონფერენციაზე.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, საკონსტიტუციო პროექტში ამ ცვლილებების შეტანა გამოხატავს უსაფრთხოების საკითხების მიმართ არაადეკვატურ დამოკიდებულებას.

„შემაშფოთებელია ის დამოკიდებულება, რომელიც დღეს არის –  უშიშროების საბჭო პრეზიდენტისაა, ამიტომ, მოდი, გავაქროთ და გავაძლიეროთ სხვა სტრუქტურები.

უსაფრთხოების და ქვეყნის თავდაცვის ნაწილში ჩვენ არ უნდა გვქონდეს პოლიტიკური მიკერძოებულობა, არ უნდა ვიყოთ ორიენტირებული ინდივიდების, ან ამა თუ იმ პოლიტიკოსის მოწონება-არმოწონებაზე. თუ ჩვენ სწორად გავიაზრებთ იმ ვითარებას, რომელშიც საქართველო ამ ეტაპზე იმყოფება, ჩვენ დავინახავთ, რომ გამოწვევები ქვეყნის წინაშე უსაფრთხოებისა და თავდაცვისუნარიანობის მიმართულებით ძალიან სერიოზულია,“ – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მაშინ, როცა ქართული სახელმწიფოებრიობის მთავარ გამოწვევად კვლავ რჩება რუსული ოკუპაცია, როცა 2008 წელთან შედარებით გაუარესებულია უსაფრთხოების გარემო რეგიონში – უკრაინაში და სირიაში მომდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, უშიშროების საბჭოს როლი, იმ ორგანოს როლი, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში ახდენს რეაგირებას საქართველოს მიმართ არსებულ ვითარებაზე, არის გადამწყვეტი. უშიშროების საბჭო, გარდა იმისა, რომ რეაგირებს კრიზისებზე, მოწოდებულია ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაზე. ამ თვალსაზრისით, საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესი კოორდინირებული იყო უშიშროების საბჭოსთან. ამ თვალსაზრისით, მომავალი კარდინალური ცვლილებები კონსტიტუციაში, ბუნებრივია, უმაღლეს დონეზე, ფორმალურად უნდა იყოს შეთანხმებული ჩვენს პარტნიორებთან ნატოში.

პრეზიდენტს გაუგებრად მიაჩნია უშიშროების საბჭოს გაუქმება არსებული რეალობიდან და არსებული გამოწვევებიდან გამომდინარე. მისი თქმით, ეს გამომდინარეობს იქიდან, რომ  ვითარება არასწორად არის გააზრებული.

„მიმაჩნია, ვითარების არასწორი გააზრებაა, რომ ქვეყანას არ ჰქონდეს ის მთავარი კონსტიტუციური ორგანო, რომელიც უზრუნველყოფს სამხედრო ძალების განვითარებას, უზრუნველყოფს სამოქალაქო კონტროლს შეიარაღებულ ძალებზე და ასევე უზურუნველყოფს ეფექტური გადაწყვეტილების მიღებას ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის საკითხებთან მიმართებაში,” – განაცხადა მარგველაშვილმა.

პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები უმაღლესი მთავარსარდლის ფუნქციების შემცირების ნაწილშიც გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ მთავარსარდლის ფუნქციები პრეზიდენტს მხოლოდ ფორმალურად აქვს დატოვებული.

საქართველოს პრეზიდენტი სახელმწიფო პირებს მოუწოდებს, იმოქმედონ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე და გვერდზე გადადონ პიროვნული დამოკიდებულებები. პრეზიდენტმა მისი და მინისტრთა კაბინეტის ურთიერთობის შესახებაც ისაუბარა:

“იმდენად პიროვნულად იქნა მიბმული, რომ პრეზიდენტს აქვს უშიშროების საბჭო – პრემიერმა შექმნა უსაფრთხოების საბჭო. მე ვიტყოდი, პოლიტიკურად ძალიან არადახვეწილია ის პროცესი, რომელიც იყო ამ ინსტიტუციის მიმართ წლების განმავლობაში. მინისტრი მოვა თუ არ მოვა, პრემიერი დაესწრება თუ არ დაესწრება – ამ რეჟიმში გადავიდა. საომარ მდგომარეობაში მყოფი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობაზე საუბარი წლების განმავლობაში იმაზე მიდიოდა, რომელი მინისტრი მივა თუ არ მივა. გეგონება, პრეზიდენტის ანგელოზის დღეზეა ლაპარაკი და მიულოცავს თუ არ მიულოცავს პრეზიდენტს ამ ანგელოზის დღეს.

ეს ქართული პოლიტიკის რეალობაა. სხვა სფეროებში შეგვიძლია გავაგრძელოთ ამ სტილის ურთიერთობა, მიუხედავად იმისა, რომ არ მომწონს ეს სტილი. ამ სფეროში მე მოვუწოდებ ყველას, გვერდზე გადავდოთ ჩვენი პოლიტიკური თამაშები და პიროვნული ურთიერთობები. ამისთვის საკმარისი სფერო გვაქვს, სადაც შეგვიძლია, ერთმანეთს რიტორიკულად ვეკამათოთ. ეს სფერო დავტოვოთ მხოლოდ სახელმწიფო ინტერესებისთვის,” – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი