ახალი ამბები

ილია მეორემ გვითხრა, მამა გიორგის დაჭერა ეკლესიის დისკრედიტაციისკენაა მიმართულიო – თორნიკე მამალაძე

21 ივნისი, 2017 • 6152
ილია მეორემ გვითხრა, მამა გიორგის დაჭერა ეკლესიის დისკრედიტაციისკენაა მიმართულიო – თორნიკე მამალაძე

დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახის წევრები საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქს შეხვდნენ. როგორც დაკავებული დეკანოზის ძმა, თორნიკე მამალაძე ამბობს, პატრიარქმა მათ მოუსმინა, თუმცა საუბარს სასულიერო პირები აწყვეტინებდნენ:

“უწმინდესმა ბოლომდე მოგვისმინა მიუხედავად იმისა, რომ მამა დავით ჭინჭარაული [ილია მეორის თანამესაკნე] ცხდილობდა თითოეული ჩემი საუბარი გაეწყვიტა პატრიარქთან, რაზეც მე კატეგორიულად ვეუბნებოდი, რომ ილია მეორესთან საუბარი მსურდა პირადად. ყოველი ჩემი ახალი წამოწყებული თემის გაწყვეტას ცდილობდნენ. მოდიოდა მამა დავით ჭინჭარაული, ზურგზე ხელს მადებდა და რატომღაც მეუბნებოდა, რომ ყველაფერი კარგად იქნებაო” – ამბობს დეკანოზის ძმა.

თორნიკე მამალაძის განცხადებით, პატრარქმა თქვა, რომ მამა გიორგისგან ცუდი არასდროს გაუგია:

“პატრიარქმა თქვა, მე მამა გიორგისგან ცუდი არასოდეს გამიგია და მამა გიორგის დაჭერა მიმართულია საქართველოს ეკლესიის დისკრედიტაციისაკენ. პატრარქისაც აწყვეტინებდნენ სიტყვას, რაზეც ვეუბნებოდით, გვადროვეთ საუბარი” – ამბობს მამალაძე ნეტგაზეთთან საუბარში.

თორნიკე მამალაძის თქმით, ილია მეორემ ასევე თქვა, რომ “ის ლოცულობს იმისათვის, რომ გამოვლინდნე ის პირები, ვინც ამ საქმის უკან დგანან და  ცდილობენ ეკლესიის დისკრედიტაციას”.

დეკანოზის ძმა მიიჩნევს, რომ პატრიარქი ამ საკითხზე სრულ ინფორმაციას არ ფლობს. მისი თქმით, პატრიარქმა  მხოლოდ ერთი ინტერვიუ შეახსენა, რომელიც ასავალ-დასავალში დაიბეჭდა. ამის გარდა არ უკითხავს, თუ რატომ ადანაშაულებს ის მეუფე იაკობსა და შორენა თეთრუაშვილს:

“მამა გიორგის ზიარება მოვითხოვეთ. ამაზე პატრარქს სურდა რაღაცის თქმა და ისევ მამა დავითმა გააწყვეტინა და ასე გვითხრა, პატრიარქმა დაგვავალა მე და მამა კახაბერს, მამა გიორგი ვაზიაროთო. მე ამასთან დაკავშირებით ვუთხარი, რომ მამა გიორგი ამას დღეს და გუშინ კი არა, 4 თვეა ითხოვდა, რაზეც უწმინდესი ჩუმად იყო იქიდან გამომდინარე, რომ ის ამ ზიარებასთან დაკავშირებითაც არ ფლობდა ინფორმაციას. მამა დავით ჭინჭარაული ცდილობდა სიტყვა ჩაეკვეხებინა, რომ ხვალ, ზეგ შევალთ მე და მამა კახაბერი ზიარებისთვისო, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ პატრიარქისთვის არ გვეთქვა, რომ 4 თვეა ითხოვს ის ამას” – ამბობს მამალაძე.

დეკანოზის ძმის განცხადებით, შეხვედრას საპატრიარქოს დაცვის სამსახურს წარმომადგენლები იღებდნენ. დეკანოზის ძმის თქმით, შეხვედრას ესწრებოდნენ მამა დავით ჭინჭარაული, მეუფე თეოდორე, მეუფე იაკობი, მეუფე ანდრია და მამა კახაბერ გოგოტიშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი