საპარლამენტო უმცირესობის წევრი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ სამეურვეო საბჭოს სამი წევრი “საზოგადოებრივი მაუწყებლის” კოლექტივმა უნდა აირჩიოს:

 

“მოდით, პირდაპირ ვთქვათ: ჩვენ გვინდა დემოკრატია, თუ დემოკრატიობანას თამაში? ჩვენ გვინდა რეალობას გავუსწოროთ თვალი, თუ სირაქლემას პოზიციაში ვიყოთ?! ამიტომ არის, რომ ჩვენ ვთამაშობთ რეალური დემოკრატიის პრინციპს. სამი ადამიანი – უმრავლესობა, სამი ადამიანი – უმცირესობა და სამი ადამიანი აირჩიოს თვითონ ჟურნალისტებმა და იმ კოლექტივმა, რომელიც მუშაობს “საზოგადოებრივ მაუწყებელში”. ასეთ შემთხვევაში, რეალური დემოკრატია მისაღწევი იქნება, მაგრამ უმრავლესობის მიერ არჩეულმა სახალხო დამცველმა დააკომპლექტოს პლიუს ორი ადამიანი, ერთი ადამიანი აჭარის საზოგადოებრივი  მაუწყებლიდან იყოს წარმოდგენილი, ეს ხომ არის ცხრა ადამიანი ხელისუფლების ზეგავლენის ქვეშ? თავს ნუ მოვიტყუებთ, რა. გვინდა გრძელვადიან პერსპექტივაში რეალური დემოკრატია? მაშინ მართლაც დემოკრატიული გავხადოთ ეს ყველაფერი.”

 

კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორი ელისო ჩაფიძე აცხადებს, რომ ცვლილებების შედეგად საზოგადოებრივი მაუწყებელი გათავისუფლდება პოლიტიკური ზეგავლენისაგან:

 

“პარლამენტის საფინენასო-საბიუჯეტო კომიტეტმა მხარი დაუჭირა ცვლილებების პაკეტს, რომელიც ითვალისწინებს მაუწყებლის შესახებ კანონში ცვლილებებს, ეს ჩემთვის, როგორც კანონპროექტის ავტორისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია. რაც შეეხება უმცირესობის მიერ გამოთქმულ მოსაზრებებს, “ნაციონალური მოძრაობა” კარგავს პოლიტიკურ გავლენას და საზოგადოებრივი მაუწყებელი ამ ცვლილებების შედეგად გათავისუფლდება პოლიტიკური ზეგავლენისაგან, გაიზრდება მისი დაფინანსება, გახდება უფრო დემოკრატიული და მრავალფეროვანი სამეთვალყურეო საბჭოს დაკომპლექტების წესი და მე მესმის ამ ადამიანების, რომლებიც ამ ყველაფერზე პროტესტს გამოთქვამენ.”

 

ჩაფიძე გიორგი ვაშაძის წინადადებასაც ეხმაურება:

 

“რაც შეეხება გიორგი ვაშაძის წინადადებას, რომ სამეთვალყურეო საბჭოში იყვნენ ტელევიზიის თანამშრომლების მიერ ნომინირებული კანდიდატები, ჩვენ განვიხილავთ ამ წინადადებას. ჩვენ ვეთანხმებით იმ მოსაზრებას, რომ სხვადასხვა წესით ხდებოდეს სამეთვალყურეო საბჭოში პიროვნებების დანიშვნა. ჩვენი მოდელი არის ძალიან დაბალანსებული, ის ითვალისწინებს სავალდებულო ქვოტას უმცირესობისთვის, უმრავლესობისთვის, სახალხო დამცველისთვის. ის, რომ სახალხო დამცველს არ ენდობა ნაციონალური მოძრაობა, ეს მათი პრობლემაა, ეს არ არის „ქართული ოცნების“ პრობლემა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ სახალხო დამცველის ინსტიტუტმა საქართველოში გაამართლა, ყოველთვის კრიტიკულია ხელისუფლების საქმიანობის მიმართ და ვფიქრობთ, რომ სახალხო დამცველის მიერ წარმოდგენილი კანდიდატურები გაუწევენ მეთვალყურეობას ადამიანის უფლებების დაცვას და სათანადოდ წარმოჩენას მაუწყებელში.”

 

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის დავით ონოფრიშვილის თქმით, წარმოდგენილი მოდელი დემოკრატიულია:

 

“კომიტეტმა განიხილა და მოიწონა კანონპროექტი. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ის მნიშვნელოვნად დემოკრატიულია და იმ პრინციპებს შეესაბამება, როგორიც უნდა იყოს სახელმწიფო ტელევიზია. დაფინანსების საკითხები უფრო კონკრეტულად არის განსაზღვრული. დაფინანსება მიბმულია მთლიან შიდა პროდუქტზე. პროცენტულად ოდნივი ზრდა არის ახლა, 0,12 %-დან გაიზრდება 0,15 %დე. ამ ეტაპისთვის ეს საკმარისია. მიგვაჩნია, რომ ეს ცვლილებები ბევრი პრობლემის შემცირებას გამოიწვევს.” 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *