ახალი ამბები

ვენეციის კომისიის დასკვნის რა ნაწილი გაითვალისწინა პარლამენტმა

19 მარტი, 2013 • • 816
ვენეციის კომისიის დასკვნის რა ნაწილი გაითვალისწინა პარლამენტმა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომამ მთავრობის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს მხარი დაუჭირა. როგორც იუსტიციის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე ამბობს, ვენეციის კომისიის დასკვნა უმეტესწილად გათვალისწინებულია:

 

“მეორე მოსმენისთვის ჩვენ მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი დიდწილად, უმეტესწილად შეესაბამება ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს. გარკვეული რეკომენდაციები ვერ იქნა მხედველობაში მიღებული ძალიან დასაბუთებული სამართლებრივი არგუმენტების გამო. დაუჭერს თუ არა ოპოზიცია მხარს, ეს მათი საქმეა, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, როგორც იცით, დაუჭირა მხარი ამ პრინციპებს, როგორც ცნობილია, გუშინ.”

 

ბარამიძის მტკიცებით, კვორუმის ორ მესამედამდე გაზრდა არ შეიძლება:

 

“ასეთი მაღალი კვორუმი არ ჭირდება არც ერთ თანამდებობის პირს, რომელსაც ირჩევს პარლამენტი, მათ შორის, არც პარლამენტის თავმჯდომარეს, არც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს, არც უზენაესი სასამართლოს წევრებს, არც საკონსტუტიციო სასამართლოს წევრებს და უცნაური იქნებოდა, ასეთი კვორუმი დაგვეწესებინა უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევისთვის.”

 

საპარლამენტო უმცირესობის წევრის დავით საყვარელიძის თქმით, არც საპარლამენტო უმრავლესობამ და არც იუსტიციის სამინისტრომ არ გაითვალისწინა ვენეციის კომისის დასკვნა:

“სამწუხაროდ, არც უმრავლესობამ და არც იუსტიციის სამინისტრომ არ გაითვალისწინა ვენეციის კომისიის მთავარი პრინციპები, რაც ეწერა ვენეციის კომისიის დასკვნაში და ეხებოდა, პირველ რიგში, ოპოზიციური ძალის მონაწილეობას იუსტიციის წევრის არჩევის საკითხში, რაც ძალიან სამწუხაროა და ამის შესახებ ბატონმა მინისტრის მოადგილემ პირდაპირ დააფიქსირა, რომ რას იზამთ, ეს უმრავლესობა ასე მუშაობს ზოგადად ქვეყანაშიო, რომ ვისაც მეტი ძალაუფლება აქვს, იმას მიაქვს ყველაფერი. არსებული იუსტიციის საბჭოს წევრებთან მიმართებაში ასევე მიუღებელია უარყოფითი გადაწყვეტილება. საბჭოს წევრების გადახალისება მოხდება ფაქტობრივად სრულად და არ დარჩებიან არსებული წევრები, რაზეც ვენეციის კომისია იყო ძალიან კატეგორიული. ბუნებრივია, ამ კანონპროექტს მხარს არ დავუჭერთ.”

 

რაც შეეხება სასამართლო სხდომების ფოტო-ვიდეო-აუდიოჩაწერას, უმცირესობის წევრი ლევან ბეჟაშვილი აცხადებს, რომ ეს  საზოგადოებრივი ინტერესის უფრო მაღალ დონეზე დაყენებაა, ვიდრე სამართლებრივი ინტერესის:

 

“ეს პრინციპი, აკრძალული რომ იყო გადაღება, მოგონილი კი არ იყო, ან ვინმეს წინააღმდეგ მიმართული, არამედ მიღებული არის, რომ სასამართლო თავისუფალი რომ იყოს გადაწყვეტილების მიღებაში და ზეგავლენა არ ქონდეს გარე საზოგადოებრივ ფაქტორებს და მხარეებსაც რომ არ ჰქონდეს ზეგავლენის საშუალება, აკრძალული არის ყველა ქვეყანაში – ამერიკაში, ბრიტანეთში. ჩვენ ტელეფილმებით და დოკუმენტური ფილმებით ვნახულობთ, რომ ეს წესი ყველგან გავრცელებულია, მაგრამ ვინაიდან ჩვენი ქვეყნის რეალობიდან გამომდინარე, არსებობს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი სასამართლო სხდომების მიმართ, ჩვენ მივიღეთ კონსესუსი უმრავლესობასთან, რომ მედიის მიერ შესაძლებელი ყოფილიყო სასამართლო სხდომების გადაღება. ჩვენ ამ ეტაპზე  შესაძლებლად მივიჩნიეთ, რომ საზოგადოებრივი ინტერესი უფრო მაღალ დონეზე დავაყენოთ, ვიდრე სამართლებრივი ინტერესი.”  

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირინე იმერლიშვილი მიიჩნევს, რომ ვენეციის კომისიის დასკვნის ძირითადი ნაწილი გათვალისწინებულია:

 

“თავიდან ბოლომდე არც ის პროექტია წარმოდგენილი, რომელიც პირველ მოსმენაზე იყო წარმოდგენილი. ცხადია, გასათვალისწინებლი იყო ვენეციის კომისიის დასკვნა და არც ის პროექტია გათვალისწინებული თავიდან ბოლომდე, რომელიც წარმოადგინა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ. არის შეჯერებული ვარიანტი.”

 

უმრავლესობის კიდევ ერთი წევრი შალვა შავგულიძე ამტკიცებს, რომ ვერ იგებს, რა პოზიცია დააყენა უმცირესობამ:

 

ალექსანდრე ბარამიძე ვახტანგ ხმალაძე შალვა შავგულიძე
ალექსანდრე ბარამიძე ვახტანგ ხმალაძე შალვა შავგულიძე

“ვენეციის კომისიის დასკვნაში ასეთი რამ არ წერია, მე ვერ ვიგებ, რა პოზიცია დააყენა უმცირესობამ. გათვალისწინებულია ვენეციის კომისიის დასკვნის ძირითადი მოთხოვნები, ძირითადი შინაარსი. უნდა აღინიშნოს, რომ კომისია ძირითადად იზიარებს ამ კანონპროექტის პროგრესულ ხასიათს. რაც  შეეხება უკვე არსებული წევრების შეცვლის საკითხს, იქაც ფაქტიურად ვენეციის კომისიის დასკვნაში არის მითითება, რომ არ მოხდეს წყვეტა და გათვალისწინებული იყოს რაღაც სამართლიანობის პრინციპი, რაც უზრუნველყოფილია ამ ცვლილებით.”

 

საიას თავმჯდომაე კახა კოჟორიძე კანონპროექტის მიღებულ ვარიანტს ერთიანობაში პოზიტიურად აფასებს. თუმცა, მისი მტკიცებით, პოლიტიკური ნეიტრალიტეტის შესანარჩუნებლად მათ მიერ შემუშავებული რეკომენდაცია პარლამენტმა არ გაითვალისწინა: 

 

“პოლიტიკური ნეიტრალიტეტის უზრუნველსაყოფად, რომ რაღაც მექანიზმი შეგვემუშავებინა საბჭოში, შევთავაზეთ პარლამენტს, რომ მოსამართლე კანდიდატს, რომელიც უნდა გამხდარიყო იუსტიციის საბჭოს წევრი, თუ მას ბოლო 5 წლის განმავლობაში ჰქონდა პარტიული საქმიანობა განხორციელებული, ან იყო პარტიის წევრი, მას აკრძალვოდა უფლება, ყოფილიყო იუსტიციის საბჭოს წევრი და ეს მოსაზრება პარლამენტმა არ გაითვალისწინა.”

მასალების გადაბეჭდვის წესი