ახალი ამბები

საპარლამენტო კომიტეტებმა სამ კანონპროექტს დაუჭირეს მხარი

19 მარტი, 2013 • • 934
საპარლამენტო კომიტეტებმა სამ კანონპროექტს დაუჭირეს მხარი

საპარლამენტო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე დეპუტატებმა სამივე საკანონმდებლო პროექტს დაუჭირეს მხარი. როგორც საპარლამენტო უმცირესობის წევრი სერგო რატიანი ამბობს, კანონპროექტი სამხედრო სამსახურზე, რაც თავის მხრივ, “ზოგადი განათლების” შესახებ კანონპროექტში საჭიროებს ცვლილებების შეტანას, ძირითადად პოზიტიურია:

 

“ძირითადად პოზიტიურად ვაფასებ კანონპროექტს, შემცირდა ვადები, დაზუსტდა გაწვევის საკითხები, თუმცა პრობლემას ვხედავთ იმაში, რომ დღეს მომხსენებელმა ვერ გვიპასუხა, რამდენით მცირდება არმია და ეს გარკვეულწილად პრობლემა არის. მეორე პრობლემა დაკავშირებულია იმასთან რომ, როდესაც სტუდენტს უჩერდება სტატუსი და ასეთი სტუდენტი არის უმრავლესობა, ძალიან ბევრი სტუდენტი არის, ვისაც თანხის გადაუხდელობის გამო უჩერდებათ სტატუსი, იმათ შეიძლება პრობლემა ჰქონდეთ გაწვევასთან დაკავშირებით და ამ კანონპროექტში არ არის ასახული მათი პრობლემა და ჩვენ უნდა დავაზუსტოდ ეს საკითხი.”

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გოგი ქავთარაძე მიიჩნევს, რომ სტატუსის შეჩერებასთან დაკავშირებით კანონპროექტი დასახვეწია:

 

“არ არის ეს სწორი. იჩაგრება მაინც სტუდენტი და ეს კანონპროექტი იმისთვის არის, რომ არ დაიჩაგროს სტუდენტი. მე მგონი, უნდა ჩასწორდეს.”

 

უმრავლესობის კიდევ ერთი წევრი და „პროფესიული თეატრების შესახებ“ კანონპროექტის ავტორი ნუკრი ქანთარია აცხადებს, რომ კანონპროექტი შემოქმედებით დაწესებულებაზე პასუხისმგებლობის აღებაა:

 

“ეს კანონპროექტი ეხება მთლიანად პროფესიულ თეატრებს და სახელმწიფო თეატრებს. სახელმწიფო თეატრში მმართველის ინსტიტუტი გაუქმდება, შემოდის სამხატვრო ხელმძღვანელის და ასევე დირექტორის ინსტიტუტი, რომელიც ადმინისტრაციულ და ფინანსურ საკითხებს განაგებს. იქნება საკმაოდ კონკურენტუნარიანი გარემო, სამხატვრო ხელმძღვანელის არჩევის წესი იქნება ახალი, რომლის დებულებასაც კულტურის სამინისტრო და სარეკომენდაციო საბჭო განსაზღვრავს. ეს არის შემოქმედებითი პასუხისმგებლობის აღება შემოქმედებით დაწესებულებაზე და ასევე, ვფიქრობ, რომ ამ კანონპროექტის ძალაში შესვლის შემდეგ სამხატვრო ხელმძღვანელის ინსტიტუტი თეატრში გაძლიერებული სახით დაბრუნდება.”

მასალების გადაბეჭდვის წესი