ნეტგაზეთი | დევნილები მინისტრის განცხადებას პარლამენტთან აპროტესტებენ დევნილები მინისტრის განცხადებას პარლამენტთან აპროტესტებენ – Netgazeti

დევნილები მინისტრის განცხადებას პარლამენტთან აპროტესტებენ

დღეს, 19 მარტს, ქუთაისში, პარლამენტის შენობასთან ბათუმში მცხოვრები ასამდე დევნილი ოჯახის აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები ბინებით უზრუნველყოფას მოითხოვენ.

“ბათუმიდან ჩამოვედით, ვითხოვთ ბინებს. მინისტრ დარახველიძესთან შეხვედრა გვქონდა, მოგვცა პირობა და ახლა უარზეა,” – ამბობს ნანა პერტაია, აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

 

როგორც დევნილები აცხადებენ, 2006 წელს სახელმწიფომ მათ კომპენსაციის სახით 7 ათასი ლარი გადაუხადა:

 

“ჩვენ მოვისმინეთ ბატონი მინისტრის განცხადება და მაგის საპროტესტო აქციას ვაწყობთ. 7 ათას ლარს კომპენსაციას რომ ეძახიან, ამის გამო არაფერი არ მოგვეცემა, ფართით არ დაგვაკმაყოფილებენ. ჩვენი მთავარი მოთხოვნაა, რომ ფართებით დაგვაკმაყოფილონ. ის 7 ათას დიდი ხნის წინ ამოიწურა ქირის თანხაში და ძალიან ცუდ პირობებში ვართ,” – ამბობს მზია გვარამია.

დევნილების აქცია პარლამენტთან
დევნილების აქცია პარლამენტთან

 

აქციის კიდევ ერთი მონაწილის ეკატერინე დოლიძის თქმით, არჩევნებამდე ქვეყნის პრემიერისაგან მათი პრობლემის მოგვარების დაპირება მიიღეს. როგორც ის ამტკიცებს, ბათუმში, “ბენზეს” დასახლებაში აშენდა ობიექტი, თუმცა იქ წყალტუბოდან და სამეგრელოდან ჩაასახლეს დევნილები: 
 
 
„უკვე წელიწადი და სამი თვეა, რაც ქუჩაში ვდგავართ და აქციებს ვმართავთ. კომპენსაცია რომ მოგვცეს, საცხოვრებლები დაგვატოვებინეს. დევნილების ნაწილი ნაქირავებში ცხოვრობს. მე ოჯახი ნათესავებთან მყავს განაწილებული. შემდეგ გვეუბნებოდნენ სტრატეგიულ გეგმაში ხართ ჩასმული და ბათუმში, თამარის დასახლებაში ობიექტი რომ აშენდება, იქ შეგასახლებთო. იქ აშენდა საცხოვრებელი, თუმცა ის წყალტუბოდან, ზუგდიდიდან და ფოთიდან დევნილ ოჯახებს გაუნაწილეს. გუშინ მინისტრი გამოვიდა და თქვა, რომ სახელმწიფოს არა აქვს იმის საშუალება, კომპენსირებულ დევნილებს ახალი კომპენსაცია მისცესო. ჩვენ გვაინტერესებს, ეს მისი გადაწყვეტილება იყო თუ პრემიერთან იყო შეთანხმებული.“ 
 
 
დავით საგანელიძე
დავით საგანელიძე

აქციის მონაწილეებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე შეხვდა. საგანელიძის თქმით, დევნილთა საკითხებზე მომუშავე უწყებებს მუშაობა დაწყებული აქვთ, თუმცა საკითხის მოკლე დროში გადაჭრა შეუძლებელია:

 
 
„მე ძალიან ვწუხვარ, რომ დღეს საქართველოში არიან ადამიანები, დევნილები, რომლებიც იძულებული არიან მოვიდნენ პარლამენტის შენობასთან და აქედან მოგვაწვდინონ ხმა. ალბათ, ჩვენი პრობლემაა და ჩვენი კომუნიკაციის პრობლემაა. დევნილებისაგან მივიღე ინფორმაცია, რომ 70 ოჯახს ისეთებს გადაეცათ ბინები, რომლებსაც არანაირი საერთო არ აქვთ დევნილობასთან და აგარაკებად იყენებენ მას. მე პირადად დავინტერესდები ამ ბინების გადაცემის საკითხით. თითოეული დევნილის პრობლემა ცალკე უნდა იყოს შესწავლილი.“
 
 
კითხვაზე, როცა მინისტრი ამბობს, რომ ეს საკითხი დახურულია, რის საფუძველზე საუბრობს, საგანელიძე პასუხობს:
 
 
“მე არა მგონია, რომ მასე იყოს. მე ბრიფინგს მოვუსმინე დავით დარახველიძის, ბრიფინგზე მსგავს რამ არ უთქვამს. სხვაგან თუ თქვა, არ ვიცი. მიმაჩნია, რომ გამორჩეულად და მონდომებით მუშაობს ეს სამინისტრო და ამ სამინისტროს ხელმძღვანელობა ყველა დევნილები არიან. შეუძლებელია, რომ ის ადამიანები ამ პრობლემებს ვერ ხედავენ. გადაჭრის გზა ბევრია, საშუალება, სამწუხაროდ, ძალიან ცოტა და დროთა განმავლობაში ეს პრობლემები გადაიჭრება.”
 
დევნილების აქცია პარლამენტთან
დევნილების აქცია პარლამენტთან
ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
netgazeti.ge