ახალი ამბები

“ევროპულმა საქართველომ” პლებისციტის მოთხოვნაზე 150 ათასი ხელმოწერა შეაგროვა

20 ივნისი, 2017 • 2224
“ევროპულმა საქართველომ” პლებისციტის მოთხოვნაზე 150 ათასი ხელმოწერა შეაგროვა

“ევროპული საქართველო” საკონსტიტუციო ცვლილებებზე პლებისციტის ჩატარების მოთხოვნით ხელმოწერებს კანცელარიაში დღეს შეიტანს.

როგორც პარტიის ლიდერი დავით ბაქრაძე ამბობს, “ქართული ოცნება” ერთპიროვნულად გეგმავს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანას, პლებისციტი კი ამ საკითხისადმი ქართული საზოგადოების ხედვას აჩვენებს:

“გუშინ გამართულმა კონსულტაციებმა დაადასტურა, რომ თვით ქართულ ოცნებაშიც არსებობს სერიოზული განსხვავებები დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით და შიდა კომპრომისი მათ მოძებნეს მხოლოდ და მხოლოდ ამ ცვლილებების დროში გაწელვის ხარჯზე. ეს ყველაფერი ადასტურებს, რომ წარმოდგენილი ცვლილებები ვერანაირად ვერ გახდება ქვეყანაში მომავალი პოლიტიკური სტაბილურობის საფუძველი,” – ამბობს ბაქრაძე.

მისი თქმით, სტაბილურობას ვერ უზრუნველყოფს დოკუმენტი, რომელიც მიღებული იქნება მხოლოდ ერთი პარტიის ხმებით, ყველა სხვა ინსტიტუტის და მოქალაქეების აზრის საპირისპიროდ. “ევროპული საქართველო” მოუწოდებს ხელისუფლებას, ჰკითხოს პოზიცია ხალხს:

“როგორც თქვენ იცით, ჩვენ ვაგროვებთ ხელმოწერებს პლებისციტის მოთხოვნით. მინდა გითხრათ, რომ 150 000მდე ხელმოწერა მოაგროვა ევროპულმა საქართველომ ამ ძალიან შეზღუდულ დროში. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მოსახლეობას, ხალხს სურს, რომ მას დავეკითხოთ აზრი და ამ ქვეყნის კონსტიტუცია და პოლიტიკური სისტემა იყოს ისეთი, როგორც ამას გადაწყვეტს ხალხი,” – ამბობს ბაქრაძე.

“ევროპული საქართველოს” წევრები ხელმოწერებს კანცელარიაში დღეს შეიტანენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი