ახალი ამბები

ღარიბაშვილის განმარტება საკუთარ ბრძანებაზე

18 მარტი, 2013 • • 1027
ღარიბაშვილის განმარტება საკუთარ ბრძანებაზე

ღარიბაშვილის განმარტებით, მისი გადაწყვეტილება გონივრული იყო:

 

“ჩვენ, უბრალოდ, წესი შევცვალეთ, ისიც დროებით და მე აგიხსნით რატომ. როდესაც მოხდა სოდის შერწყმა, ცენტრალურ კრიმინალურ დეპარტამენტში როცა შევიყვანეთ, სოდში მანამდე მუშაობდნენ ინსპექტორები და ინსპექტორ-გამომძიებლები, ხოლო დეპარტამენტში- დეტექტივები და დეტექტივ-გამომძიებლები. რომ გაგვეთანაბრებინა ისინი, იმიტომ, რომ ეს აუცილებელია, ამიტომ მივიღე ეს გადაწყვეტილება. მე, დამეთანხმებით, ალბათ მივიღე, ჩემი აზრით, სწორი გადაწყვეტილება, გონივრული, პრაგმატული გადაწყვეტილება მივიღე” .

 

შეგახსენებთ, რომ შს მინისტრის ბრძანების თანახმად, პოლიციაში თანამდებობებზე შეიძლება დაინიშნონ პირები, ვინც არ აკმაყოფილებენ შესაბამის სტანდარტებსა და მოთხოვნებს. 

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 25 იანვრის #39 ბრძანებით, შეიცვალა პოლიციაში ზოგიერთი საკადრო საკითხის მარეგულირებელი წესი და შესაძლებელი გახდა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ოცმეთაურის ან უფრო მაღალი თანამდებობის პირის, ოპერატიული ქვეგანყოფილების უფროსის ან უფროსის მოადგილის, დეტექტივ-გამომძიებლის, უბნის უფროსი ინსპექტორ-გამომძიებლის, მესაზღვრე-კონტროლიორისა და რამდენიმე სხვა მნიშვნელოვან თანამდებობაზე პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამისა და გადამზადების კურსების გავლის გარეშე პირთა დანიშვნა ან დაწინაურება.

 

აღნიშნული წესის ცვლილება პირის პოლიციის თანამშრომლად ყოველგვარი წინასწარი მომზადების და სათანადო გამოცდის გარეშე დანიშვნის ან დაწინაურების შესაძლებლობას წარმოქმნის. მინისტრის ბრძანება ძალაშია 2013 წლის 31 მარტის ჩათვლით.

მასალების გადაბეჭდვის წესი