ახალი ამბები

გვანცა ყუფარაძე: ჩემი ბავშვობა შევწირე ჩემსავე სიმართლეს

17 მარტი, 2013 • • 3924
გვანცა ყუფარაძე: ჩემი ბავშვობა შევწირე ჩემსავე სიმართლეს

“მადლობთ იმისთვის, რომ მიბრუნებთ რწმენას, ჩემი ქვეყნის მართლმსაჯულების სისტემის, შანსის შესაძლო რეალიზებაზე, გახდეს სამართლიანი და ემსახურებოდეს მიზანს, რომლისთვისაც არსებობს. ჩემთვის იყო, არის და იქნება სტრასბურგის, ევროპის საერთაშორისო სასამართლო მთავარი დასაყრდენი, იმედი და გარანტი, ამავდროულად მე მქონდა მიზანი, სურვილი, ამბიცია, პიროვნული ოცნება იმისა, რომ საქართველო გამხდარიყო სამართლებრივად ჯანსაღი სახელმწიფო, ეს ფუნდამემტური საკითხი კი იქნებოდა მთავარი ნაბიჯი ყოველივე უარყოფითი, უსამართლო ფაქტორის აღმოფხვრისაკენ, რადგან სახელმწიფოში არსებული ყოველი საკითხის მიზეზობრიობა სამართლის სისტემის წრიულ ციკლთანაა დაკავშირებული”– ნათქვამია გვანცა ყუფარაძის წერილში. 

 

წერილში ასევე ხაზგასმულია, რომ  წლების განმავლობაში სამართლებრივ სისტემაში გატარებული ათასობით დარღვევა, ხოლო სისხლის სამართლის დარგობრივი მიმართულებით ასობით უკანონოდ გამოძიებული საქმე გახდა  მიზეზი იმ ცდომილებათა კომბინაციის, რის საფუძველზეც სასამართლო სისტემა, ყუფარაძის განცხადებით, უსამართლო და სამარცხვინო გახდა.

 

“წლების განმავლობაში უსამართლოდ გასამართლებული უკანონო მსჯავრდებული გახლდით, მაგრამ მიუხედავად ამისა, არასდროს მომითხოვია უპირობო გათავისუფლება. ქვეყნის სამივე ინსტანციის სასამართლოში ვითხოვდი სამართლიან სასამართლოს, რაც იქნებოდა მაპროვოცირებელი მართლზომიერი გამოძიების დაწყების(უზრუნველყოფილს, კონსტიტუციით, ადამიანის ძირითად უფლებათა და თავისუფლებათა მიმართებით, სამართლიანი სასამართლოს საკითხში) და ამის საფუძველზე გამოტანილი გადაწყვეტილების მიღების, რაც სირთულეს ნამდვილად არ წარმოადენდა, ამისათვის საჭირო იყო მხოლოდ და მხოლოდ ნებელობა, რაც მათ არ გააჩნდათ, რადგან მათთვის (საგამოძიებო, სასამართლო სისტემების, პოლიტიკური რეჟიმისათვის) შეცდომის აღიარება მიუღებელი, სათაკილო კრახის ტოლფასად აღიქმებოდა. წლების განმავლობაში სამართლებრივ სისტემაში გატარებული ათასობით დარღვევა, ხოლო სისხლის სამართლის დარგობრივი მიმართულებით ასობით უკანონოდ გამოძიებული საქმე იყო მიზეზი იმ ცდომილებათა კომბინაციის, რის საფუძველზეც სასამართლო სისტემა უსამართლო, სამარცხვინო გახდა”. – ნათქვამია განცხადებაში. 

 

გვანცა ყუფარაძე უშუალოდ მის საქმეზე განაჩენის გამომტანი მოსამართლის განცხადებასაც გამოეხმაურა, რომელიც მოსამართლე დალი მეტრეველმა გუშინ, 16 მარტს, იუსტიციის მინისტრის მოსამართლეებთან შეხვედრისას გააკეთა: 

 

“დღეს ამ საკითხე საუბრობს მოსამართლე, რომელმაც გამომიტანა გამამტყუნებელი განაჩენი, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19;109 მუხლების II ნაწილის ,, ბ” და ,,გ” პუნქტებითა და III ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტის მიხედვით, რის შედეგადაც მომისაჯა თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის ვადით, საიდანაც 5( ხუთი) წელი სრულად უნდა მომეხადა სასჯელაღრულებით დაწესებულებაში, ხოლო დარჩენილი 5(ხუთი) წელი, პირობითი მსჯავრის აღსრულებით. ხუთი წლის განმავლობაში მე დაკავებული ვიყავი და არ მიღიარებია დანაშაული, გვერდის ავლით ქალბატონი დალის მოწოდების, სურვილის, რჩევების. მე რომ საქალაქო სასამართლოს პროცესზე (ნებისმიერ ეტაპზე) დანაშაული მეღიარებინა, დარბაზიდან გამათავისუფლებდნენ სამი დომინანტური გარემოების გამო, მაგრამ მე ეს არ გამიკეთებია და ჩემი ბავშვობა შევწირე ჩემსავე სიმართლეს და ჩემს პიროვნებაში არსებული სამართლიანობის შეგრძნებას, რომლის გარანტიც, სამწუხაროდ, ჩემი სახელმწიფო არასდროს ყოფილა. დღეს სწორედ ამიტომ ვარ მადლიერი ქალბატონი თეას განაცხადის. ჩემთვის პატივია სანდრო გირგვლიანის პერსონასთან ჩემი მოხსენიება, გმადლობთ თქვენ იმისთვის, რომ არ გავიწყდებათ არც  ერთი ადამიანის უსამართლო ტკივილი, მიუხედავად დიდი პასუხისმგებლობის და იმ სისტემის სირთულისა, რომელშიც ღირსეულად მოღვაწეობთ თქვენივე საზოგადოების სასიკეთოდ. ქალბატონ დალი მეტრეველს, მოსამართლეს, კი განვუმარტავ, რომ იმედი გამიცრუა. მეგონა უკეთ შეეძლო საკუთარი გადაწყვეტილების არგუმენტირების მცდელობა. კარგია, რომ ამ საქმეზე ფიქრობს და ვფიქრობ, კიდევ დიდი ხნის განმავლობაში იფიქრებს. ყველასთვის გასაგებია, რომ მისი გადაწყვეტილება მისი იყო, რომელიც უცვლელად დატოვა საქართველოს სამივე ინსტანციის სასამართლომ. გასაგებია, რომ ის ამ მხრივ მარტო არ არის, თუმცა ერთ-ერთი მთავარია. და საერთოდ მისი არსებობა მოსამართლეთა კოლეგიაში, მისი გადაწყვეტილებების უცვლელი რეცეფცია არის მეტყველი იმაზე, რომ მთლიანად მართლმსაჯულების პრობლემა არსებობს და არა ,,დალი მეტრეველის” (რაც ალბათ ბევრად უფრო მარტივად მოსაგვარებელი იქნებოდა), მისივე განაცხადით მან ეს კიდევ ერთხელ დაადასტურა”.– ნათქვამია წერილში. 

 

შეგახსენებთ, რომ გუშინ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მართლმსაჯულების  ხარვეზების შემსწავლელი დროებითი სახელმწიფო კომისიის თაობაზე   კანონპროექტი მოსამართლეებს წარუდგინა და მართლმსაჯულების სისტემაში  არსებული ხარვეზების საილუსტრაციოდ  სანდრო გირგვლიანის და გვანცა ყუფარაძის განაჩენები დაასახელა. თეა წულუკიაინს განცხადებაზე შეფასება არ გაუკეთებია ყუფარაძის მოსამართლეს დალი მეტრეველს, თუმცა მან კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ განაჩენი მისი უშუალო გადაწყვეტილება იყო:

 

“მე მინისტრის განცხადებას არ შევაფასებ, მე უკვე აღვნიშნე, რომ ეს არის ჩემი გადაწყვეტილება, მე ასე მიმაჩნდა და ამიტომ მივიღე ეს გადაწყვეტილება, შემდეგ სხვა სასამართლო ინსტანციებში ჩემი სასამართლო განაჩენი დარჩა ძალაში. ასე რომ, შეფასებას კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით ვერ გავაკეთებ”– განაცხადა მეტრეველმა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი