“კონსტიტუციურ მონარქიას სიმშვიდე შემოაქვს ქვეყანაში,” – ამის შესახებ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა საკვირაო ქადაგებისას განაცხადა. ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
“საქართველო არის უძველესი ქვეყანა, უძველესი კულტურით. იქნებ გვეფიქრა ჩვენ იმაზე, რომ საქართველო არის უძველესი მონარქია. ღვთის წყალობით, მეფე გვმართავდა. დღეს ხშირი შემთხვევაა მსოფლიოში, როცა მონარქი ეწოდება, მეფე მეფობს, მაგრამ არ მართავს. ამას ეწოდება კონსტიტუციური მონარქია. ეს, რა თქმა უნდა, დღეს და ხვალ ვერ მოხდება, მაგრამ ჩვენ უნდა გავაანალიზოთ წარსული, დღევანდელი დღე და მომავალი,” -განაცხადა ილია მეორემ.
პატრიარქის თქმით, დღეს ხშირი შემთხვევაა, როცა ეკლესიას აკრიტიკებენ. მისივე აზრით, ამის არ უნდა შეგვეშინდეს:
“უნდა გვახსოვდეს, რომ ეკლესია არის ნავსაყუდელი. ეკლესია არის ის ძალა, რომელიც ბოროტებას სიკეთედ აქცევს. მე კიდევ ერთხელ მინდა შეგახსენოთ, რომ უფრო რთული და მძიმე წლები გამოუვლია ეკლესიას. უფალი ჩვენი იესო ქრისტე ბრძანებს: კლდესა ამას ზედა დავაარსო ეკლესია ჩემი და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ მოერევიან მას. ყველაფერი კარგად იქნება. მომავლის იმედით უნდა ვიყოთ”,- აღნიშნა პატრიარქმა.