როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათში წერია, “სამხედრო სავალდებულო სამსახურის გავლის პრაქტიკა ადასტურებს, რომ სავალდებულო სამსახურის 12- თვიანი ვადის 15 თვემდე გაზრდამ ვერ უზრუნველყო გაწვეულ პირთა მომზადების დონის არსებითად გაუმჯობესება. შესაბამისად, დამატებით 3 თვის განმავლობაში წვევამდელთა მომზადებისათვის ფინანსური, ინფრასტრუქტურული და ადამიანური რესურსების გამოყენება არამიზანშეწონილად იქნა მიჩნეული.”
საქართველოს მთავრობის განმარტებით, სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევა წლის განმავლობაში მიმდინარეობს ორ ეტაპად (საგაზაფხულო და საშემოდგომო). მათი მტკიცებით, სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევისა და მისი დასრულების დრო არ ემთხვევა ერთმანეთს და 15- თვიანი ვადის შემთხვევაში ვერ ხერხდება წლის ერთსა და იმავე დროს წვევამდელთა როტაცია (მაგალითად, მაისში გაწვეულს სამსახურის ვადა უმთავრდება მომდევნო წლის აგვისტოში, როდესაც შეიძლება გაწვევა არ მიმდინარეობდეს), რაც ნაკლებად ეფექტიანს ხდის აღნიშნული პროცესის დაგეგმვასა და მართვას.
კანონპროექტით ასევე განისაზღვრება სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევასთან დაკავშირებული საკითხები. კერძოდ, სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევა გადაუვადდება წვევამდელს, რომელიც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დასრულების წელს დარეგისტრირდა ერთიან ეროვნულ გამოცდებზე – გამოცდების შედეგების გამოცხადებამდე, ხოლო გამოცდების შედეგების საფუძველზე – უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვამდე.
სამხედრო სამსახურის 12-თვიანი ვადა გავრცელდება, აგრეთვე, იმ პირებზე, რომლებიც სამხედრო სავალდებულო სამსახურში 15-თვიანი ვადით გაწვეულნი იქნენ 2012 წლის 7 მარტის შემდეგ.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული საკითხი დამტკიცებული იქნა მთავრობის სხდომაზე 1 მარტს, როდესაც ამის თაობაზე ინფორმაცია პირველად თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ გაახმიანა.
