ახალი ამბები

ქალთა დაწესებულებაში მსჯავრდებული გარდაიცვალა

16 ივნისი, 2017 • 1963
ქალთა დაწესებულებაში მსჯავრდებული გარდაიცვალა

სასჯელაღსრულების სამინისტროს ცნობით, 11 ივნისს ქალთა N5 პენიტენციურ დაწესებულებაში სავარაუდო დიაგნოზით – თრომბოემბოლიის ფონზე განვითარებული გულ-სისხლძარღვთა და სუნთქვის მწვავე უკმარისობით, მსჯავრდებული ლ.ჭ. გარდაიცვალა.

უწყების ინფორმაციით, 2017 წლის 11 ივნისს, დილით, მსჯავრდებულის სხვადასხვა საჭიროებებით უზრუნველყოფის მიზნით საკანში შესულ დაწესებულების თანამშრომლებს  ლ.ჭ უკონტაქტო მდგომარეობაში დახვდათ.

“ადგილზე გამოიძახეს მორიგე ექიმი, ასევე, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადა. მსჯავრდებულს ჩაუტარდა გულ-ფილტვის რეანიმაციული ღონისძიებები. მიუხედავად გაწეული, ყველა საჭირო გადაუდებელი სამედიცინო დახმარებისა, დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილი. სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად მითითებულია თრომბოემბოლიის ფონზე განვითარებული გულ-სისხლძარღვთა და სუნთქვის მწვავე უკმარისობა.

მათივე ცნობით, მსჯავრდებულის გარდაცვალების ფაქტზე სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზაა დანიშნული.

სამინისტრო აცხადებს, რომ  ლ.ჭ-ს, რომელიც პენიტენციურ დაწესებულებაში 2014 წლის ნოემბრიდან იმყოფებოდა, სასჯელის მოხდის პერიოდში არაერთხელ გაეწია როგორც დაწესებულების მკურნალი ექიმის, ასევე, სხვადასხვა პროფილის ექიმ-სპეციალისტთა კონსულტაცია:

“ენდოკრინოლოგის, გინეკოლოგის, უროლოგის, ფსიქიატრის, დერმატო-ვენეროლოგის, კარდიოლოგის, ოფთალმოლოგის, ანგიოლოგის, სტომატოლოგის, რევმატოლოგის, თერაპევტის და სხვა. მსჯავრდებულს ჩატარებული აქვს ყველა საჭირო კლინიკო-ლაბორატორიული, ულტრაბგერითი, დოპლერ-ულტრასონოგრაფიული, კარდიო-ექოსკოპიური და სხვა სახის გამოკვლევები. ასევე მკურნალობა, ექიმის დანიშნულების შესაბამისად. მათ შორის: 24.02.2015 წელს შპს კარდიოლოგიური კლინიკა „გულის“ ექიმ-სპეციალისტმა მსჯავრდებულს პენიტენციურ დაწესებულებაში ჩაუტარა კარდიო-ექოსკოპია. აღნიშნული კვლევის საფუძველზე, კარდიოლოგის მიერ დაენიშნა და უტარდებოდა მედიკამენტოზური მკურნალობა. მკურნალობის პროცესის პარალელურად, პაციენტი არაერთგზის არის კონსულტირებული თერაპევტისა და კარდიოლოგის მიერ.

ასევე, N5 დაწესებულებაში ჩატარებული კონსულტაციის საფუძველზე, 07.06.2016 წელს გაყვანილი იყო სამოქალაქო სექტორის კლინიკაში – „ი. ჟორდანიას სახელობის ადამიანის რეპროდუქციის ს/კ ინსტიტუტში“, ჰისტეროსკოპიული გამოკვლევის მიზნით, დაუდგინდა დიაგნოზი და ჩაუტარდა ექიმის მიერ დანიშნული მკურნალობა. ამის შემდეგ მას სისტემატურად უტარდებოდა შესაბამისი პროფილის სპეციალისტის კონსულტაცია, მწვავე პათოლოგიური მდგომარეობა არ გამოვლენილა. მსჯავრდებული მუდმივად იმყოფებოდა დაწესებულების სამედიცინო პერსონალის დინამიური მეთვალყურეობის ქვეშ, რაც თავისთავად ასახულია მის ამბულატორიულ სამედიცინო ბარათში,”- აცხადებს სასჯელაღსრულების სამინისტრო.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი