ახალი ამბები

ნოდარ ხადური: საქართველოში 2013 წელს 2 მილიარდი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვა

12 მარტი, 2013 • • 1098
ნოდარ ხადური: საქართველოში 2013 წელს 2 მილიარდი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვა

მან ამის შესახებ დღეს გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა: 

 

“ეკონომიკის სამინისტროს აქვს პროგნოზი და ჩვენც ვეთანხმებით, რომ 2013 წელს ქვეყანაში 2 მილიარდი დოლარის პირდაპირი ინვესტიცია შემოვა. მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა 2013 წელს 6 პროცენტი იქნება”  

 

ნოდარ ხადური
ნოდარ ხადური

ფინანსთა მინისტრი ვერ აკონკრეტებს, კერძოდ რომელი ქვეყნებიდან და რა მოცულობის ინვესტიცია შემოვა 2013 წელს ქვეყანაში: “ინვესტიციების განხორციელების კუთხით არ მაქვს მხოლოდ ფონდების იმედი, არამედ ველოდები ინვესტიციებს იმ ინვესტორებისაგან, ვინც გამოთქვა მზაობა, რომ ქვეყანაში განახორციელოს ინვესტირება. ამ სეგმენტში ფონდების მხარდაჭერის იმედი მაქვს. ” 

 

 

ნოდარ ხადური სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ პირდაპირი ინვესტიციების შესახებ გასაჯაროებულ ინფორმაციას გამოეხმაურა: 

 

 

“საქმე ეხება 2012 წლის მეოთხე კვარტლის მონაცემებს. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციაში ორი პროცენტია დასახელებული: 47 პროცენტი და 3 პროცენტი. იქ ნათქვამია, რომ ინვესტიციები შემცირებულია 2012 წელს 2011 წლის წინასწარ მაჩვენებლებთან შედარებით. 2011 წლის მონაცემები დაზუსტდა 2012 წლის ზაფხულში. ასე რომ, დაზუსტების პერიოდში შეიძლება ეს მაჩვენებლები შეიცვალოს.”

 

 

 

ხადურის განცხადებით, საქართველოში 2012 წლის მეორე კვარტლიდან დაიწყო უცხოური ინვესტიციების შემოდინების შემცირება: “ეს არ მომხდარა მხოლოდ მეოთხე კვარტალში. ამ შემთხვევაში გადამწყვეტი იყო საპარლამენტო არჩევნების მოლოდინი და ის პოლიტიკური წნეხი, რომელსაც ბიზნესი განიცდიდა წინა ხელისუფლების მხრიდან. სწორედ ეს იყო ინვესტიციის კლების ტენდენციის განმსაზღვრელი.”  

 

სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2012 წელს ქვეყანაში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დაზუსტებული მონაცემები 11 მარტს გაასაჯაროვა. 

 

წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2012 წლის IV კვარტალში 181 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2011 წლის IV კვარტლის დაზუსტებული მაჩვენებლის 53 პროცენტია.

 

წინასწარი მონაცემებით, 2012 წლის IV კვარტალში საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემომავალმა ნაკადებმა 424 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 17 პროცენტით ნაკლებია 2011 წლის IV კვარტლის დაზუსტებულ და 3 პროცენტით- იმავე პერიოდის წინასწარ მონაცემებზე, ხოლო 2012 წლის III კვარტლის მაჩვენებელს 6 პროცენტით აღემატება.

 

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, 2012 წლის პირველ კვარტალში უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 209 მლბ. აშშ დოლარი შედგინა, მეორე კვარტალში – 219,4 მლნ. აშშ დოლარი, მესამეში- 195,4 მლნ. აშშ დოლარი, მეოთხეში კი -181,0 მლნ. აშშ დოლარი. 2012 წელს ქვეყანაში, ჯამში, 865 მლნ. აშშ დოლარის პირდაპირი ინვესტიცია განხორციელდა, რაც 23 პროცენტით ნაკლებია 2011 წლის მაჩვენებელზე  და 6 პროცენტით მეტია 2010 წლის დაზუსტებულ მაჩვენებელზე.

 

საინვესტიციო ქვეყნების ათეულში 2012 წლის პირველ კვარტალში პირველ ადგილზეა ნიდერლანდები, შემდეგ მოსდევს: აზერბაიჯანი, ჩინეთი, კვიპროსი, გაერთიანებული სამეფო, თურქეთი, შვეიცარია და საფრანგეთი.  

 

2012 წლის მეოთხე კვარტალში ინვესტიციების 32 პორცენტი დამამუშავებელ მრაწველობაში განთავსდა, 21 პროცენტი- ენერგეტიკაში, 16 პროცენტი- საფინანასო სექტორში, 11 პროცენტი- ტრანსპორტსა და კავშირგაბმულობაში, 8 პროცენტი -უძრავ ქონებაში, 7 პროცენტი- ჯანმრთელობის დაცვაში, 5 პროცენტი ეკონომიკის სხვა დარგებზე გადანაწილდა. 

 

პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი საქართველოში 2007 წელს დაფიქსირდა. ქვეყანაში შემოსულმა ინვესტიციების მოცულობამ 2 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი