ახალი ამბები

რა ფუჭდება სასამართლო პროცესის ვიდეოჩაწერით – ვენეციის კომისიის არგუმენტები

12 მარტი, 2013 • • 2323
რა ფუჭდება სასამართლო პროცესის ვიდეოჩაწერით – ვენეციის კომისიის არგუმენტები

როგორც ვენეციის კომისია 11 მარტს გამოქვეყნებულ რეკომენდაციაში აღნიშნავს, ეჭვგარეშეა, რომ სასამართლო პროცესების აუდიოჩაწერას დიდი უპირატესობა გააჩნია, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ დავა ეხება სასამართლოში მომხდარ ამბავს, ეს ასევე მნიშვნელოვანია სასამართლო პროცესის გამჭვირვალობისთვის. ვენეციის კომისია მიიჩნევს, რომ სასამართლო პროცესების აუდიოჩაწერა გააძლიერებს საზოგადოებრივ კონტროლს სასამართლოს საქმიანობაზე.

 

ვენეციის კომისია აცხადებს, რომ შესაძლოა სასამართლო სხდომების ვიდეოჩაწერაც იგივე მიზანს ემსახურებოდეს, თუმცა პრობლემების წარმოშობის ალბათობა ამ შემთხვევაში უფრო მაღალია. კერძოდ, სასამართლო სხდომის ვიდეოჩაწერამ შესაძლოა შეცვალოს პროცესის მონაწილეთა ქცევები. ბრალდებულები და მათი ადვოკატები შესაძლოა უფრო მეტად იყვნენ დაინტერესებული საზოგადოების წინაშე წარდგომით, ვიდრე სასამართლოს წინაშე; ასევე, დანაშაულის მსხვერპლსა და მოწმეებს, რომ არაფერი ვთქვათ ბრალდებულებზე, შესაძლოა შეეშინდეთ კამერების.

 

როგორც ვენეციის კომისია განმარტავს, პირადი და ოჯახის ცხოვრების დაცვა გასაჯაროებისგან ვიდეოგადაღების შემთხვევაში გაცილებით რთულია, ვიდრე  სასამართლო პროცესის აუდიოჩაწერის დროს.

 

ვენეციის კომისია დამატებით მიუთითებს უფრო დიდ საფრთხეზე, რაც შეიძლება გამოიწვიოს სასამართლო სხდომების პირდაპირ ეთერში ტრანსლირებამ. მაგალითად, შესაძლოა მოწმემ მოისმინოს სხვა მოწმის ჩვენება და ამან გამოიწვიოს კონფლიქტი როგორც ბრალდების, ისე დაცვის ინტერესებთან.

 

ვენეციის კომისიის ექსპერტების განმარტებით, თვით ევროპის საბჭოშიც კი არ არის დადგენილი  სასამართლო პროცესების მედიით გაშუქების ზუსტი პროცედურები.

 

ხელისუფლების მიერ შემოთავაზებულ პროექტში წერია, რომ მხარეებსა და „სხვა პირებს“ შეუძლიათ მოითხოვონ სასამართლო პროცესის ჩაწერა. ვენეციის კომისია კანონპროექტის ნაკლად მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ არ არის განმარტებული, ვინ შეიძლება იყვნენ „სხვა პირები“.

 

ვენეციის კომისია სვამს რამდენიმე კითხვას, რომელსაც არ არეგულირებს შემოთავაზებული კანონპროექტი და რომელთა დაკავშირებითაც ამ ეტაპზე პასუხები არ არსებობს. მაგალითად: არის თუ არა განსაზღვრული,  რა ვადით უნდა იქნეს შენახული სასამართლო პროცესის ვიდეოჩანაწერი? შეუძლია თუ არა პირს ამ ვიდეოჩანაწერის ნებისმიერ დროს გამოთხოვა? შეუძლია თუ არა მაუწყებელს ამ ჩანაწერის გამოყენება ნებისმიერი მიზნით?

 

ვენეციის კომისიის ექსპერტების დასკვნით, საერთო სასამართლოების შესახებ კანონის ის მონაკვეთი, რომელიც სასამართლო პროცესების გაშუქებას არეგულირებს, უფრო უნდა დაიხვეწოს და დაკონკრეტდეს. თავად ეს მონაკვეთი კი, სპეციალისტების შეფასებით, არ აკმაყოფილებს „ხარისხიანი კანონის“ კრიტერიუმებს.

 

ვენეციის კომისიის შეფასებით, ამის დახვეწა აუცილეებლია, რათა თავიდან იქნეს აცილებული ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მერვე მუხლით გათავლისწინებული – პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის – უფლების დარღვევა.

მასალების გადაბეჭდვის წესი