ახალი ამბები

უმრავლესობის წევრების კომენტარი ხაბურძანიას განცხადებაზე

11 მარტი, 2013 • • 860
უმრავლესობის წევრების კომენტარი ხაბურძანიას განცხადებაზე

ხმალაძე
ხმალაძე

უმრავლესობის წევრი ვახტანგ ხმალაძე ამბობს, რომ ხაბურძანიას მოსაზრება არასახელმწიფოებრივია:

“ეს არის მისი მოსაზრება. ცუდია. არასახელმწიფოებრივია, ჩემი აზრით.”

 

 ვალერი ხაბურძანიამ 11 მარტს განაცხადა, რომ  საქართველოში სამწვეროვანი პოლიტიკური სისტემა უნდა ჩამოყალიბდეს.  მისი თქმით, ეს რუსეთთან ურთიერთობის დალაგებას შეუწყობს ხელს, ამავდროულად, ტერმინი “ოკუპაცია” უნდა შეიცვალოს ტერმინით “წახალისებული სეპარატიზმი”.  მისივე მტკიცებით, თუ რუსეთი კავკასიის რეგიონს სრულად გააკონტროლებს, იქ მშვიდობა დამყარდება.  

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ანი მიროტაძე ამბობს, რომ ტერმინი “ოკუპაცია” ტერმინით “წახალისებული სეპარატიზმი” არ უნდა შეიცვალოს:

 

“დღეს საქართველო არის ოკუპირებული, საქართველოს დედაქალაქისგან 40 კილომეტრში დგას ოკუპანტის ჯარი, ამიტომ ჩვენ ახლა ვილაპარაკოთ წახალისებულ სეპარატიზმზე, ცოტა გაუგებარია”.

მისივე თქმით, რუსეთს საქართველოს ხელშეწყობა არ სჭირდება:

“ჩვენ უნდა შევუწყოთ ხელი ჩვენს ქვეყანას, რომ ჩვენი ეროვნული ინტერესები და ჩვენი უსაფრთხოება იყოს დაცული. რუსეთი თავად მიხედავს თავის თავს. თუ მისი არჩევანი არის არადემოკრატიულ სივრცეში დარჩენა – დარჩეს. მთავარი არის, ჩვენ ვიცოდეთ, რა გვინდა და რა ტიპის ურთიერთობა უნდა გვქონდეს ამ ტიპის სახელმწიფოსთან. მე მიმაჩნია, რომ სწორად წარმოებული პოლიტიკის შემთხვევაში საქართველოს არ უნდა გაუჭირდეს თანაარსებობა არც რუსეთთან იმიტომ, რომ ეს არის მეზობელი და ვერაფერს ვერ ვუშვებით ამას და დასავლურ სამყაროსთან.”

 

რაც შეეხება სამწვეროვან პოლიტილურ სისტემას, რაც ხაბურძანიას თქმით პროდასავლურ, ეროვნული და პრორუსულ პოლიტიკურ ჯგუფებს გულისხმობს, მიროტაძე აცხადებს:

 

“ვუსურვებ წარმატებას, თუ ფიქრობს, რომ არსებობს ასეთი ელექტორატი და ეს გემოვნება უნდა დააკმაყოფილონ. დემოკრატიაც სწორედ ეს არის, რომ ყველა გემოვნების  მქონე ადამიანი იყოს დაკმაყოფილებული. თუ ეს პარტიები შეძლებენ, რომ მოიპოვონ ქართულ პოლიტიკურ ველზე წარმატება, მე მათ წარმატებას ვუსურვებ. მე ეჭვი მეპარება ამაში, მაგრამ თუ ეს ასეა … იმიტომ, რომ ბოლო წლების განმავლობაში თითქმის ყველა პრაქტიკამ აჩვენა, რომ საქართველო უარს ამბობს პრორუსულ ორიენტაციაზე ზოგადად და მისი ძირითადი მიმართულება არის ევროატლანტიკური და ევროპული ოჯახი, რაც არის ფაქტი, იმიტომ, რომ საქართველო უნდა დაბრუნდეს თავის ისტორიულ ადგილზე და მე მიმაჩნია, რომ ეს არის ევროპული ოჯახი.”


ზვიად ძიძიგური
ზვიად ძიძიგური

საპარლამენტო უმრავლესობის კიდევ ერთი წევრი ზვიად ძიძიგური ამბობს, რომ “ოკუპაცია” ზუსტი განსაზღვრებაა:


“კაცს აქვს თავის მოსაზრებები და ვინ დაუშალა, რომ ეს მოსაზრებები ჰქონდეს? ვერც მე ვერ დავუშლი. მე ვფიქრობ, რომ “ოკუპაცია” არის სწორი ტერმინი იმიტომ, რომ ოკუპირებულია ტერიტორია და რაც სწორია, იმაზე რატომ უნდა თქვა არასოწირია? მაგრამ ყველას აქვს თავისი რაღაცა გემოვნება და თავისი შეხედულებები, მე აქ ვერ ჩავერევი. “

მასალების გადაბეჭდვის წესი