ახალაიას ადვოკატის განცხადებით, გლდანის ციხეში მისი გადაყვანის მიზეზი ბუნდოვანია. მალხაზ ველიჯანაშვილი აცხადებს, რომ ე.წ. მატროსოვის ციხეს რემონტი ბაჩო ახალაიას იქ გადაყვანამდე ჩაუტარდა:
“სასჯელაღსრულების #7 დაწესებულებაში იმიტომ ჰყავდათ თავიდან ახალაია, რომ ჯერ გაარემონტეს მატროსოვის დაწესებულება და გარემონტებულში შეიყვანეს. რატომ უნდა დასჭირდეს ხელახალი რემონტი გარემონტებულ კორპუსს, ჩემთვის უცნობია”, – აცხადებს მალხაზ ველიჯანაშვილი. მისი თქმით, ახალაია ჯერ არ მოუნახულებია, შესაბამისად, მისთვის უცნობია, #8 დაწესებულებაში ის კვლავ სამარტოო საკანში იმყოფება თუ არა:
“დღეს მოვინახულებ და დეტალებზე ამის შემდეგ გესაუბრებით”, – განაცხადა მალხაზ ველიჯანაშვილმა.
სასჯელაღსრულების სამინისტროს პრესსამსახურში აცხადებენ, რომ ზოგიერთი საკანი მანამდეც გარემონტდა, თუმცა ახლა შენობის სრული რეაბილიტაცია მიდის, რის გამოც შენობიდან ყველა პატიმრის გაყვანა გახდა საჭირო:
“შეიძლება ბაჩო ახალაია სადაც იყო, იმ ფლიგელს ჩატარებული ჰქონდა რეაბილიტაცია, მაგრამ ახლა მთლიანად რემონტდება შენობა და არ არის რეკომენდებული იქ პატიმრების დატოვება. ახალაია გლდანის დაწესებულებაში კვლავ სამარტოო საკანში იმყოფება და მისი, ისევე როგორც სხვა ყველა პატიმრის, უსაფრთხოების ნორმები დაცულია”, – განაცხადა სასჯელაღსრულების სამინისტროს პრესსამსახურის უფროსმა ირაკლი კორძაიამ.
ე.წ. მატროსოვის ციხიდან ბაჩო ახალაიასთან ერთად 374 პატიმარი გადაიყვანეს.







