ბირჟა მაფიის დაკავებული რეპერების მხარდასაჭერად სააპელაციო სასამართლოში ჯგუფის ერთ-ერთი წევრი, აკაკი ჭანკურიძე მივიდა.
ჭანკურიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ არ ყოფილა ზეწოლა ვიდეოკლიპის “TSL შავი ზედა” მონაწილეებზე, მათ შორის, არც პოლიციელის როლის შემსრულებელზე, რომელმაც ჩაწერა ვიდეომომართვა, სადაც საუბრობს, რომ კლიპში მონაწილეობით შეცდომა დაუშვა.
“ფსიქოლოგიური ზეწოლა არ ყოფილა არავისზე, არც ჩემზე და არც ვიდეოს სხვა მონაწილეებზე. არც ფოტოებზე და არც იმ ბიჭზე, რომელმაც განცხადება გააკეთა. მაგ ბიჭს მინდა ვუთხრა, რომ ნუ გეშინია და, მე მგონი, ქვეყანაში აღარ ბნელა და ნურავის ნუ ეშინია,”- განაცხადა მან.
კითხვაზე, თუ რატომ დაიფარა ვიდეოკლიპში პოლიციელის კადრები, ჭანკურიძე პასუხობს, რომ “ამაზე უნდა ისაუბროს აჭარანეტმა, მიშკამ და გიორგიმ”.
გიორგი ქებურიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის საკითხის განხილვა სააპელაციო სასამართლოში ამ წუთებში იწყება.
ბირჟა მაფიის ორი წევრი, მიშკა მგალობლიშვილი და გიორგი ქებურია დაკავებული არიან ნარკოდანაშაულის ბრალდებით და 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრებათ. რეპერები აცხადებენ, რომ ისინი პოლიციელთა მხრიდან შურისძიების მსხვერპლნი გახდნენ ბოლო კლიპისთვის, რომელსაც tsl shavi zeda ჰქვია.