ახალი ამბები

გირაო „ბათოილის“ საქმეში ბრალდებულებს

10 მარტი, 2013 • 1723
გირაო „ბათოილის“ საქმეში ბრალდებულებს

ღამის 7 საათისთვის ბრალდებულების – აბესალომ გურგენიძის, თამაზ მღებრიშვილის, პაატა დათიშვილის – ახლობლებითა და ყოფილი მოხელეებით შევსებული დარბაზი, სასამართლო პროცესის დაწყებას ნახევარ საათზე მეტ ხანს ელოდა. ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა 2006 წელს ბათუმის ქიმიურ-ფარმაცევტული ქარხნის გაყიდვის შედეგად სახელმწიფოსთვის ზიანის მიყენებაში ბრალდებული პირების საქმის განხილვის დაწყებამდე, პროცესის დაგვიანების მიზეზები განმარტა: სასამართლოში პატიმრები დაგვიანებით მოიყვანეს; სხდომის დარბაზში არსებული ჩამწერი აპარატურა იყო გაუმართავი (სასამართლოს მე-2 დარბაზში წლების წინ დამონტაჟებული ვიდო-აუდიოაპარატურა ამ პროცესზე პირველად ჩაირთო).

 

ანზორ უსტიაძემ – სახელმწიფო ბრალმდებელმა მოსამართლეს აუხსნა, თუ რატომ იყო აუცილებელი აჭარის ფინანსთა მინისტრის ყოფილი მოადგილის თამაზ მღებრიშვილისა და ამავე სამინისტროს ერთ-ერთი დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელის აბესალომ გურგენიძისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდება. პროკურორის თქმით, ამ საქმეში მრავლად არიან პირები, რომლებსაც ჯერ ბრალდება არ წარსდგენიათ. შესაბამისად, თუ ბრალდებულებს მიეცემათ მათთან ურთიერთობის შესაძლებლობა, „ამან შეიძლება ხელი შეუშალოს მტკიცებულებების შეგროვებას“.

 

პროკურორმა აღნიშნა, რომ „ფარმაცევტული ქარხნის“ საქმეზე უკვე დაკითხეს კახა შავაძე, აჭარის ფინანსთა მინისტრი 2006 წელს, ასევე ამ სამინისტროს თანამშრომლები, მღებრიშვილის ნაცნობები თუ ქარხნის სხვა უფლებამოსილი პირები.

 

 

პაატა დათიშვილთან დაკავშირებით, რომელსაც გაცილებით მძიმე ბრალდება აქვს, ვიდრე ყოფილ მოხელეებს, პროკურორმა თქვა, რომ თუ მას გაათავისუფლებენ, არ არის გამორიცხული იგი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მყოფი სერგი კაკალაშვილისა და ლუხუმ კაპანაძის მსგავსად მიიმალოს.

 

საქმის მასალების მიხედვით, „დანაშაული ჩადენილია საჯარო ინტერესის საზიანოდ, წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ“, ანუ 2006 წელს თამაზ მღებრიშვილმა გაკოტრების მმართველს დაავალა ბათუმის „ფარმაცევტული ქარხნის“ გაკოტრება, რომელსაც არც დავალიანება ჰქონდა სახელმწიფოს წინაშე და არც გადახდის უუნარო იყო იმ მიზნით, რომ „ფარმაცევტული ქარხანა“ შემდეგში „ლემისე კომპანის“ იაფად ეყიდა.

 

განმეორებითი აუქციონების შედეგად, ქარხანა, რომლის საწესდებო კაპიტალი 4 344 856 ლარის ღირებულების უძრავ-მოძრავი ქონება იყო, შპს „ლემისე კომპანის“  1 111 000 ლარად გადაეცა, ანუ სახელმწიფომ 3 233 856 ლარი იზარალა.

 

ლემისე კომპანის მფლობელ ლუხუმ კაპანაძეს, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მინიმუმ 13, მაქსიმუმ 20-წლიანი პატიმრობა ელის. დაახლოებით იგივე ბრალდება აქვთ წარდგენილი ლუხუმ კაპანაძის პარტნიორს და ასევე მისი კომპანიის დირექტორს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მძიმე სასჯელი ემუქრება აბესალომ გურგენიძესა და თამაზ მღებრიშვილსაც. მათი სასჯელის მაქსიმალური ზომა 11 წელი იქნება.

 

 

პროკურორის თქმით, ბათუმის ქიმიურ-ფარმაცევტული ქარხნის აუქციონის წესით გასხვისების საქმის შესწავლა 2012 წლის 22 დეკემბერს დაიწყო. მან ასევე განმარტა, რომ სამართალდამცავები კომპანია „ბათოილის“ საქმესაც სწავლობენ. პროკურორის თქმით, საქმე ეხება მოჩვენებითი გარიგების გზით 22 მილიონი ლარის ქონების გადამალვას.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი