მაკრონის პარტია საპარლამენტო არჩევნებში უმრავლესობას მოიპოვებს – წინასწარი შედეგები

ემანუელ მაკრონის ცენტრისტული პარტია საფრანგეთის პარლამენტის ქვედა პალატის (ეროვნული ასამბლეა) არჩევნების პირველ ტურში მნიშვნელოვანი უპირატესობით იმარჯვებს. ამის შესახებ BBC ორი კვლვითი ორგანიზაციის გამოთვლებზე დაყრდნობით იუწყება.

არჩევნების პირველი ტური დღეს გაიმართა და ზემოხსენებული გათვლით 577-ადგილიან ასამბლეაში მაკრონის პარტია 400 ადგილს დაიკავებს. BBC-ის ცნობით, პირველ ტურში წინასწარი შედეგებით მაკრონის პარტიამ, რომელიც ერთი წლის წინ დაფუძნდა, ხმების 30% მიიღო. ამავე ვარაუდით, რესპუბლიკელები 20.9%-ს მიიღებენ, ლე პენის ეროვნული ფორნტი- 13.1%-ს, ხოლო სოციალისტები – 9%-ს.

იმისათვის, რომ მაკრონმა საპრეზიდენტო არჩევნების წინ გაცემული დაპირებები შეასრულოს, პარლამენტში უმრავლესობა სჭირდება. ქვედა პალატის არჩევნები საფრანგეთში მაჟორიტარული წესით ტარდება და იმარჯვებს ის კანდიდატი, რომელიც ხმების 50%-ს ან მეტს მიიღებს, წინააღმდეგ შემთხვევაში ინიშნება მეორე ტური, რომელშიც ყველა ის კონკურსანტი ერთვება, ვისაც მინიმუმ ხმების 12.5% აქვს მიღებული.

არჩევნების პირველ ტურში ამომრჩევლის აქტივობა 49% იყო. შედეგებით უკმაყოფილოა ლე პენის ეროვნული ფრონტი, რომელიც მომხდარს დაბალი აქტივობით ხსნის.

არჩევნების მეორე ტური მომდევნო კვირას გაიმართება. უმრავლესობის მოპოვებისთვის მაკრონის პარტიას მინიმუმ 289 მანდატი ესაჭიროება.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
დათო ქოქოშვილი არის ნეტგაზეთის რედაქტორი 2018 წლის 1 თებერვლიდან. მანამდე ის იყო ნეტგაზეთის რეპორტიორი 2013 წლიდან. Email: davit.qoqoshvili@gmail.com