„ბათუმს კიდევ ერთი მეჩეთი არ სჭირდება“, – განაცხადა აჭარის მწერალთა კავშირის თავმჯდომარემ დავით თედორაძემ 7 მარტს ბათუმში, მწერალთა კავშირში გამართულ დისკუსიაზე. მისი განცხადებით, აჭარაში 119 მეჩეთია და ახალი მეჩეთის მშენებლობა არა რელიგიურ, არამედ პოლიტიკურ მიზნებს ემსახურება.

“სამწუხაროდ, დღეს აჭარის მწერალთა კავშირის თავმჯდომარემ და ზოგიერთმა წევრმა თავიანთი უტიფარი და სამარცხვინო განცხადებით კიდევ ერთხელ დაადასტურეს ქართველი მუსლიმების მიმართ თავიანთი უარყოფითი დამოკიდებულება. ქართველ მუსლიმებსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრს უწოდეს მატყუარა იმის გამო, რომ მათ განაცხადეს ის რეალობა, რაც ბათუმში არსებულ მეჩეთში არსებობს, რომ ადგილის სიმცირისა და მუსლიმი მრევლის სიმრავლის გამო მეჩეთი ვერ იტევს მლოცველებს. მწერალთა კავშირის ამ სამარცხვინო განცხადებამ აღაშფოთა ქართველი მუსლიმები. მოცემულმა ფაქტმა კიდევ ერთხელ ცხადჰყო, რომ პრობლემა არა მეჩეთის სახელწოდებას, არამედ მეჩეთის მშენებლობას უკავშირდება. სამწუხარო და დასანანია, რომ ქართველ მუსლიმებს ასე უსამართლოდ გვიპირისპირდებიან ჩვენი ქართველი ქრისტიანი ძმები. ნიშანდობლივია საქართველოს მთავრობის, კერძოდ, პრემიერ-მინისტრის დამოკიდებულება საკითხისადმი, რომელიც გვაძლევს პირობას ქალაქ ბათუმში მეჩეთის ქართული ფინანსებით მშენებლობის შესახებ”, – ნათქვამია ქართველ მუსლიმთა კავშირის განცხადებაში.
“ქართველი მუსლიმები გამოვიყენებთ ჩვენს კონსტიტუციურ უფლებას. არავითარ შემთხვევაში არ დავთმობთ პოზიციას და ბოლომდე ვიბრძოლებთ ბათუმში მეჩეთის აშენებისათვის. აქვე მოვუწოდებთ ქართველ მუსლიმებს, ვიყოთ გონივრულები და არ წამოვეგოთ საქართველოს მტრების პროვოკაციებს”.