ახალი ამბები

უსფაშვილის თქმით, დეპუტატები 2013 წლიდან პრემიებს არ მიიღებენ

8 მარტი, 2013 • • 894
უსფაშვილის თქმით, დეპუტატები 2013 წლიდან პრემიებს არ მიიღებენ

პარლამენტის თავმჯდოამრის თქმით, ამ სფეროში გამოსასწორებელი მართლაც ბევრია, მათ შორის, საქართველოს პარლამენტშიც. 

 

“2012 წლის ბოლომდე ჩვენ იძულებული ვიყავით გვემოქმედა უკვე დამტკიცებული საბიუჯეტო პარამეტრებით და პარლამენტის წევრთა და თანამშრომელთა შრომის ანაზღაურების დამკვიდრებული პრაქტიკით. კერძოდ, პარლამენტის წევრები და აპარატის თანამშრომლები წლების განმავლობაში, ყოველ ივნისში და დეკემბერში, დამატებით იღებდნენ 2-2 თვის გასამრჯელოს, რომელსაც ერქვა „პრემია“. სინამდვილეში ეს არ იყო „პრემია“, ვინაიდან ყველას, მიუხედავად დამსახურებისა, წელიწადში 12 ხელფასის ნაცვლად ეძლეოდა 16 ხელფასი. ამ მექანიზმით იმალებოდა ის ფაქტი, რომ პარლამენტის წევრების ყოველთვიური შემოსავალი წლის განმავლობაში 25%-ით აღემატებოდა მათ ოფიციალურ ყოველთვიურ ხელფასს. მეტიც, 2008 წელს, პარლამენტის წევრთა რაოდენობის შემცირების შემდეგ ბიუჯეტში ისევ იდებოდა შემცირებული 75 დეპუტატის თანამდებობრივი სარგო და ეს თანახა ყოველთვიურად 260 ლარი პრემიის სახით 4 წლის განმავლობაში ნაწილდებოდა დარჩენილ 150 დეპუტატზე.

 

პარლამენტის 2013 წლის ბიუჯეტის დამტკიცებისთანავე, ჩვენ შევცვალეთ ეს მახინჯი სისტემა. 2013 წლის იანვრიდან პარლამენტის წევრებისთვის არ არის გათვალისწინებული არანაირი პრემია არანაირი „შეფუთვით“. პარლამენტის აპარატის თანამშრომლების ყოველკვარტალური პრემირებისთვის შეიქმნა ცალკე ფონდი ყველა თანამშრომლის ერთი თვის ჯამური თანამდებობრივი სარგოს ოდენობით. აპარატის თანამშრომლებზე პრემია გაიცემა არა გათანაბრებითი პრინციპით, არამედ დამსახურების მიხედვით. პარლამენტის აპარატის ყოველი ქვედანაყოფის ხელმძღვანელი დამტკიცებული კრიტერიუმების საფუძველზე წარმოადგენს თითოეული თანამშრომლისთვის კვარტლის ბოლოს გასაცემი პრემიის დასაბუთებას, რასაც ამტკიცებს პარლამენტის აპარატის უფროსი”, – ნათქვამია დავით უსუფაშვილის განცხადებაში.

 

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ამით ყველა პრობლემა არ გადაჭრილა, მათ შორის, საჯარო სამსახურში მიღების, დაწინაურების, ატესტაციის, საკლასო ჩინების, დისციპლინური პასუხისმგებლობის და სხვა ბევრი მიმართულებით. პარლამენტში იქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც სამთავრობო უწყებებთან და ექსპერტებთან ერთად შეიმუშავებს კონკრეტულ წინადადებებს საჯარო სამსახურის სისტემის გაუმჯობესების მიზნით. დავით უსუფაშვილი აცხადებს, რომ მიესალმება საზოგადოების წარმომადგენელთა ჩართულობას ამ პროცესშიც.

მასალების გადაბეჭდვის წესი