ახალი ამბები

EMC: სტურუას და რეპერების საქმეები მიუთითებს სამართალდამცავების თვითნებობაზე

9 ივნისი, 2017 •
EMC: სტურუას და რეპერების საქმეები მიუთითებს სამართალდამცავების თვითნებობაზე

ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) ეხმაურება სასამართლოს მიერ გოდერძი თევზაძის გამართლებისა და პროექტ “ბირჟა მაფიის” რეპერების დაკავების ფაქტს.

ორგანიზაცია მოსამართლის გადაწყვეტილებას სამტრედიის პოლიციის თანამშრომლის გამართლების თაობაზე, რომელსაც ბრალად ედებოდა დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანა, გამაოგნებელს უწოდებს. მათი თქმით, საქმეში არსებული მტკიცებულებების ფონზე სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება პოლიციელის ყველა ბრალდებაში გამართლებასთან დაკავშირებით მართლმსაჯულების ობიექტურობას ეჭვქვეშ აყენებს.

“ჩვენი მხრიდან სტურუას საქმეში არსებული მტკიცებულებების დეტალური შესწავლისას პირობ გაუგებარია, რომ სასამართლომ ვერ დაინახა სამტრედიის პოლიციის თანამშრომლის მიერ უფლებამოსილების გადამეტების ფაქტიც კი. საქმის მტკიცებულებები პირდაპირ მიუთითებდა, რომ პოლიციელმა სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების დროს ყოველგვარი საფუძვლის გარეშე ჩაისვა დემურ სტურუა სამსახურებრივ მანქანაში და წაიყვანა იანეთის ტყის მიმდებარე ტერიტორიაზე. აღნიშნული დადასტურებულია საქმეში არსებული ვიდეოკამერების ჩანაწერებით და სატელეფონო ანძების მონაცემებით.

საქმეში არსებული მტკიცებულებებით ასევე დადგენილია სტურუას მიერ თვითმკვლელობამდე დატოვებული წერილის ავთენტურობა და მის სხეულზე არსებული დაზიანებების ფაქტი, სტურუას გარდაცვალების დღეს არაერთი სატელეფონო ზარი განხორციელდა პოლიციელის მხრიდან.”

EMC ასევე აცხადებს, რომ რეპერების, მიშა მგალობლიშვილისა და გიორგი ქებურიას საეჭვო გარემოებებში დაკავება და მათთვის პატიმრობის შეფარდება მიანიშნებს ორმაგი სტანდარტის არსებობაზე.

“ამ ახალგაზრდების დაკავება განხორციელდა მათი მხრიდან მუსიკალური კლიპით პოლიციის გაშარჟების შემდეგ. როგორც ცნობილია, ამ კლიპის გავრცელების შემდგომ მათთან განხორციელდა კომუნიკაცია, რომ კლიპი წაშლილიყო, რაზეც უარის მიღების შემდგომ მოხდა მათი დაკავება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენისა და შენახვისთვის. ბრალდებულებს თავდაპირველად პოლიციის განყოფილებაში ხელი მოაწერინეს დაკავების ოქმზე იმ პირობით, რომ აღიარების შემთხვევაში ისინი გათავისუფლდებოდნენ 200-ლარიანი ჯარიმით. ბრალდებულ მგალობლიშვილის განცხადებით, მან პოლიციელის მითითებით ოქმში ასახა, რომ აღმოჩენილი ნარკოტიკული საშუალება ქუჩაში იპოვა, რაც კიდევ უფრო საეჭვოს ხდის ამ პირების წინააღმდეგ წარდგენილი ბრალდების რეალურობას.”

უფლებადამცველი ორგანიზაციის განცხადებით, როგორც სტურუას, ისე რეპერების საქმე ერთობლიობაში კიდევ ერთხელ მიუთითებს “ქვეყანაში მართლმსაჯულებისა და სამართალდამცავი ორგანოების მუშაობაში სისტემური პრობლემებისა და თვითნებობის არსებობაზე, რაც უკიდურესად მძიმედ აისახება მოქალაქეთა უფლებების დაცვასა და მათ უსაფრთხოებზე.”

მასალების გადაბეჭდვის წესი