ახალი ამბები

აბაშელი გლეხების აქცია პარლამენტთან

11 მარტი, 2013 • • 1288
აბაშელი გლეხების აქცია პარლამენტთან

აქციის მონაწილეები გაყიდული 75 ჰექტარი საძოვრის დაბრუნებას ითხოვენ. ამის გარდა ისინი ფოთის მაჟორიტარ დეპუტატ ეკა ბესელიასთან შეხვედრასაც მოითხოვენ, რათა მას არსებული მდგომარეობა გააცნონ. აბაშელების მტკიცებით, ეს ტერიტორია მოსახლეობას იჯარით ჰქონდა აღებული.

 

“49- წლიანი ვადით გვქონდა გაფორმებული ხელშეკრულება რაიონის გამგეობასთან, რომელიც გაიყიდა, გასხვისდა. ფაქტიურად სოფლის მოსახლეობა დარჩა საძოვრის გარეშე და ძირითადი შემოსავალი ჩვენი არის პირუტყვიდან. სხვა სამსახური სოფელს არ აქვს.  როგორც რაიონის მუნიციპალიტეტის გამგეობამ ჩვენს განაცხადს უპასუხა წერილობით, ეს მათ ბალანსზე არ არის, მათ კომპეტენციას სცილდება და გადამისამართება გაგვიკეთეს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროში,” – ამბობს თემური მაკალათიანი. 

 

სოფლის კიდევ ერთი მცხოვრების სიმონ ჩაავას თქმით, წელს საძოვრის დახვნას აპირებენ:

 

“საქონლით და პირუტყვით ვარჩენთ ოჯახს და ვარსებობთ. ორი წელია, რაც გაიყიდა. წელს მოხვნას აპირებენ და ამიტომ ვჩქარობთ, რომ საძოვარი საძოვრად დაგვრჩეს. ჩვენ ვიხდიდით ყოველ წელს თანხას, წელსაც გადახდილი გვაქვს, ქვითრებიც გვაქვს და კერძო პირზე ყოფილა გასხვისებული.”

 

დღესვე აქციის მონაწილეებს ადამიანის უფლებათა კომიტეტის  წარმომადგენლები შეხვდნენ. აბაშელებმა მათ წერილი გადასცეს, რომელსიც თავიანთი პრობლემების შესახებ დაწვრილებით ყვებიან. კომიტეტის წევრები გლეხებს  საკითხის  შესწავლას დაჰპირდნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი