დეკანოზი გიორგი მამალაძე საპატრიარქოს იურისტისგან მის წინააღმდეგ გაკეთებული განცხადებების უარყოფას და მორალურ კომპენსაციას მოითხოვს. შესაბამისი სარჩელი დეკანოზის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში უკვე შეიტანა.
ადვოკატი მიხეილ რამიშვილი ამბობს, რომ საპატრიარქოს იურისტის, ედიშერ ქარჩავას განცხადებები ფულის გათეთრებაზე ცილისმწამებლური იყო:
“დეკანოზი მოქმედებდა პატრიარქის მინდობილობის საფუძველზე და ეძებდა გრანტს საპატრიარქოს კლინიკებისთვის და ჩაქვის სკოლისთვის. არ შეიძლება, სასულიერო პირს, რომლის წინააღმდეგ მტკიცებულებები არ გაგაჩნია, ცილი დასწამო და ბრალი დასდო იმაში, რომ თითქოს გრანტებს კი არ ეძებდა საპატრიარქოს კლინიკებისთვის და სკოლისთვის, არამედ ფულს ათეთრებდა.”
მიხეილ რამიშვილის განმარტებით, ისინი ამ განცხადებების უარყოფას და მორალური ზიანისთვის კომპენსაციის სახით 50 000 ლარის გადახდას მოითხოვენ.
მართლმადიდებელი ეკლესიის იურისტმა, ედიშერ ქარჩავამ, 23 მაისს” განაცხადა, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს ფულის გათეთრება სურდა. როგორც ქარჩავა ამბობდა, ესპანეთში გახსნილი კომპანიის მეშვეობით უკანონო 50 მილიონი ევროს ოდენობის ტრანზაქცია უნდა განხორციელებულიყო, ხოლო ტრანზაქციის “თავმჯდომარე” იყო დეკანოზი გიორგი მამალაძე. საპატრიარქოს იურისტის თქმით, ეს უნდა გაკეთებულიყო ეკლესიის გამოყენებით, რაც დააზარალებდა როგორ საპატრიარქოს, ისე სახელმწიფოს. მისი განცხადებით, არსებობს ხელშეკრულება, რომელზეც ხელს აწერს მამალაძე. ქარჩავა ამბობს, რომ ეს მტკიცებულებები საპატრიარქოში აღმოჩნდა, ეს დოკუმენტი მას ხელთ არ გააჩნია, მაგრამ აქვს ერთ პიროვნებას, რომელიც საეკლესიო წრეს მიეკუთვნება.
დეკანოზ გიორიგ მამალაძის ადვოკატებმა ბრალდებები უარყვეს და განაცხადეს, რომ მამალაძე გრანტების მოძიებას ცდილობდა, რაც საპატრიარქოს კლინიკისა და ჩაქვის სკოლისთვის უნდა გამოეყენებინა.