ახალი ამბები

გურამ ჩალაგაშვილის საქმეზე გამოძიება გრძელდება

6 მარტი, 2013 • • 1242
გურამ ჩალაგაშვილის საქმეზე გამოძიება გრძელდება

იმერეთის სამხარეო პროკურატურის მთავრმა პროკურორმა ილია ჯალაღონიამ “ნეტგაზეთს” განუმარტა, რომ სასამართლო სხდომა იმიტომ არ გაიმართა, რომ გურამ ჩალაგაშვილის საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს. 

 

“მიმდინარეობს გამოძიება. ვიკვლევთ ახალ დეტალებს, თუ სხდომა 4 მარტს იყო ჩანიშნული, სავარაუდოდ ერთი თვით, 4 აპრილამდე გადაიწევს”– აცხადებს ილია ჯალაღონია. 

 

გურამ ჩალაგაშვილი
გურამ ჩალაგაშვილი

 

სამართალდამცავების ცნობით, 2013 წლის 12 იანვარს გურამ ჩალაგაშვილი იმყოფებოდა ქუთაისში, რესტორან “ამირანში”, რა დროსაც დაუკავშირდა “ენერგო პრო ჯორჯიას” ადგილობრივ ხელმძღვანელს და შუქის გამორთვა თხოვა.

 

ჩალაგაშვილის თქმით, არსებობდა მოსახლეობისთვის მოსალოდნელი საფრთხე, რომ მომხდარიყო მოკლე ჩართვა, ამის გამო დაუკავშირდა  “ენერგო პრო ჯორჯიას” ხელმძღვანელს და სთხოვა შუქის გათიშვა.

 

გამოძიების ცნობით, შუქი გაითიშა არა მხოლოდ რესტორანში, არამედ მიმდებარე საცხოვრებელ სახლებსა და სხვა ობიექტებში, რის გამოც შუქის მიწოდება შეუწყდა 200-მდე ოჯახს.

 

გამომძიებელ–დეტექტივის სერგო ადეიშვილის ცნობით, ჩალაგაშვილის ბრალეულობა დასტურდება მოწმეთა ჩვენებებით, საქმეში არსებობს ასევე სატელეფონო ჩანაწერი. ბრალის  დამტკიცების შემთხვევაში გურამ ჩალაგაშვილს 3 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი