ახალი ამბები

გიგი კალანდაძე სესიაშვილის განცხადებას შეურაცხმყოფელს უწოდებს

6 მარტი, 2013 •
გიგი კალანდაძე სესიაშვილის განცხადებას შეურაცხმყოფელს უწოდებს

“ჩემთვის ნამდვილად შეურაცხმყოფელია, თითქოს ჩემი 17- წლიანი კარიერა მე მივუძღვენი ჩემს თავზე ფიქრს და არაფერი გაკეთებულა იმ პერიოდში, როცა მე ვიყავი სამეთაურო თანამდებობაზე.

ჩემი მოღვაწეობა იწყება 1995 წლიდან და მახსოვს ის ინფრასტრუქტურა და ის გაუსაძლისი პირობები, რა პირობებშიც მე მომიწია მსახური, როგორც რიგით ჯარისკაცად, ასევე ბოლოს გენერლის თანამდებობით.

ჩვენთან იყო გარკვეული პრიორიტეტები ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით. გაერთიანებული შტაბის ძალისხმევით ხორციელდებოდა კონკრეტული ინფრასტრუქტურული მშენებლობა. 2008 წლის შემდეგ შეიცვალა პრიორიტეტები. ჩვენ გადავერთეთ ქვეყნის თავდაცვის ზღუდის მშენებლობაზე. აქ მე შეზღუდული ვარ, რადგან ეს მოიცავს სრულიად საიდუმლო ინფორმაციას და მე ვერ დავასახელებ კონკრეტულ ობიექტებს. ჩვენ ვიყავით გადართული და 24 საათი ვმუშაობდით, რომ გაგვეძლიერებინა თავდაცვის ზღუდეები კონკრეტულ ქალაქებში”, – განაცხადა გიგი კალანდაძემ

კალანდაძის თქმით, რაც შეეხება საყაზარმო ინფრასტრუქტურას, 100–მდე ობიექტია თავდაცვის სამინისტროში, რომელიც ყოველწლიურად უნდა იყოს განახლებული და თავიდან აშენებული. მათ შორის რამდენიმე ობიექტი იყო სავალალაო მდგომარეობაში, მაგრამ მათი განახლება ხდებოდა პრიორიტეტების განსაზღვრის მიხედვით. კალანდაძემ აღნიშნა, რომ ინფრასტრუქტურული განახლებისას განსაკუთრებული წვლილი თავდაცვის ყოფილ მინისტრს ბაჩო ახალაიას მიუძღვის:

“მინდა ვთქვა კონკრეტულ კაბინეტებზე. მე მინდა მოგიწოდოთ, ნახოთ მეოთხე ბრიგადა და შტაბი, რომელიც გაკეთდა და რომელიც იყო დანგრეული, ყოფილი კლუბის შენობა. იქ ბევრი რამე გაკეთდა კონკრეტულად ბატონი ბაჩო ახალაიას დროს. ჩვენ ნამდვილად გვქონდა იქ ჩვენი მოსასვენებელი ოთახები. 2010 წელს ბატონი ბაჩო 6 თვის განმავლობაში იქიდან ერთი წუთით არ გამოსულა და იყო ჯარისკაცებთან, ეცნობოდა საბრძოლო მზადყოფნას და საბრძოლო სულისკვეთებას. მეოთხე ბრიგადის შენობა არის უკეთესი, ვიდრე გაერთიანებული შტაბის შენობა”, – განაცხადა გიგი კალანდაძემ. მან მზადყოფნა გამოთქვა შეხვდეს ირაკლი სესიაშვილს და ყველა შეკითხვაზე პირადად უპასუხოს.

კალანდაძემ ასევე განაცხადა, რომ ემიჯნება და არ უნდა ასოცირდებოდეს რომელიმე პოლიტიკურ ძალასთან, იქნება “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” თუ “ქართული ოცნება”.

ირაკლი სესიაშვილმა  თავდაცვის სამინისტროს საქმიანობის შესწავლისას გამოვლენილი გარემოებების შესახებ დღეს ისაუბრა:

“ეს არის მოწყობილი კომფორტი მხოლოდ მინისტრების, მოადგილეების და დეპარტამენტის ხელმძღვანელებისთვის. თქვენ უნდა ნახოთ სამხედრო ნაწილები, სადაც ცხოვრება შეუძლებელია და დაკავშირებულია სცოცხლის რისკებთან, ასევე უნდა ნახოთ ის კომფორტის ელემენტები, სადაც მინისტრები ერთობოდნენ, სადაც მინისტრები ფიქრობდნენ საკუთარ კომფორტის მოწყობაზე და გართობაზე”, – განაცხადა სესიაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი